აჭარის საზმაუდან გათავისუფლებული თანამშრომლების ინტერესებს სასამართლოში EMC დაიცავს

პუბლიკა

EMC ეხმიანება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან თანამშრომლების დათხოვნის ფაქტს და მიიჩნევს, რომ მათი სამსახურიდან გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორისა და მენეჯმენტის კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების დევნის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია.

2020 წლის 30 ივლისს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ ხელი მოაწერა მაუწყებლის საავტორო-შემოქმედებითი გადაცემების სამსახურის სამი თანამშრომლის გათავისუფლების ბრძანებას, რომლის საფუძველზეც სამსახურიდან გათავისუფლდნენ გადაცემა „ჰეშთეგის“ ავტორი გიორგი მურვანიძე, გადაცემა „დილის ტალღის“ რედაქტორი შოთა გურაბანიძე და გრაფიკოს-მემონტაჟე გურამ ქადიძე. ბრძანებას საფუძვლად დაედო მაუწყებლის საკადრო ბაზის განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ემზარ პაქსაძის ხელმოწერილი რეკომენდაცია, მათი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

„პირველადი სამართლებრივი შეფასებით, მიგვაჩნია, რომ მაუწყებლის დირექტორის გადაწყვეტილება წარმოადგენს სამართლებრივად დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას, რომელიც, თავის მხრივ, ნათლად აჩვენებს მაუწყებლის მენეჯმენტის მიდგომას, ყველა შესაძლო საშუალებებით მოახდინოს მაუწყებლის განეიტრალება კრიტიკული აზრის მქონე ჟურნალისტებისგან და სამსახურიდან გათავისუფლებით, როგორც ყველაზე მკაცრი სანქციით, მათი სამაგალითო დასჯა”. – ამბობენ არასამათავრობო ორგანიზაციაში.

EMC გათავისუფლებულთა ინტერესების დაცვის მიზნით უახლოეს პერიოდში მიმართავს სასამართლოს და საზოგადოებას მიაწოდებს ინფორმაციას სამართალწარმოების პროცესის მიმდინარეობის შესახებ.