აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირი საგაფიცვო რეჟიმზე გადადის

პუბლიკა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირი საგაფიცვო რეჟიმზე გადასვლას გეგმავს. ამის შესახებ  მაუწყებლის პროფკავშირის წარმომადგენლებმა განაცხადეს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

თავმჯდომარის, მალხაზ რეხვიაშვილი განცხადებით, გადაწყვეტილება მსჯელობის შედეგად მიიღეს და დოკუმენტაციის მომზადება დაიწყება.

„სხდომაზე ვიმსჯელეთ მაუწყებელში შექმნილ ვითარებაზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ საგაფიცვო პროცედურები. მოვამზადოთ შესაბამისი დოკუმენტი, თანამშრომელთა შრომითი უფლებებისა და მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის დაცვის საფუძველზე“, – ამბობს მალხაზ რეხვიაშვილი.

მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, მაია მერკვილაძე ამბობს, რომ ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებს სამართლიანობის აღსადგენად. მაია მერკვილაძის საშტატო ერთეული, აჭარის მაუწყებლის დირექტორის მიმართვის საფუძველზე, მრჩეველთა საბჭოს სამი წევრის გადაწყვეტილებით,  19 თებერვალს გაუქმდა. სანაცვლოდ  მაია მერკვილაძეს დირექციამ საინფორმაციო სამსახურის დატოვება და პოლიტიკური ტოქ-შოუს გაკეთება შესთავაზა, წინასაარჩევნო დებატებით.

მაია მერკვილაძე ამბობს, რომ მას ტოლფასი პოზიცია არ შესთავაზეს. რაც მთავარი იყო, ის ჩამოაშორეს საინფორმაციო პოლიტიკას. „პირველ რიგში ჩემი უფლებებისთვის ვიბრძოლებ, როგორ ვხედავ თავს მაუწყებელში? მე თავს ახალ ამბებში ვხედავ. შემომთავაზეს ისეთი თანამდებობა, რომელიც არ არის ტოლფასი იმისა, რაც მეკავა მაუწყებელში. ალტერნატიული პროფკავშირი ვფიქრობთ, რომ საჭიროა, დაიწყოს მკვეთრი საპროტესტო ფორმები.

საინფორმაციო ხვალ ჩვეულებრივ რეჟიმში გავა ეთერში, რადგან გაფიცვას აქვს თავისი პროცედურები და ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ არ დავაყენოთ ადამიანები და მაუწყებელი რისკის ქვეშ“, – განაცხადა მაია მერკვილაძემ, აჭარის მაუწყებლის ცნობით.

************

აჭარის მაუწყებელში ცვლილებებს, რომლებიც საშტატო განრიგს ეხება, თანამშრომელთა ნაწილი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობად აფასებს. არაერთი განცხადება გავრცელდა მაუწყებლის მხარდასაჭერად. მხარდამჭერი აქციები გაიმართა ქვეყნის მასშტაბით სხვადახვა ქალაქში.