აჭარის ტელევიზიიდან 3 თანამშრომელი გაათავისუფლეს | „ალტერნატიული პროფკავშირები“ პროტესტს აანონსებს

პუბლიკა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამი თანამშრომელი – „დილის ტალღის“ რედაქტრი ბაჩო გურაბანიძე, შემოქმედებითი სამსახურის შემოქმედებითი მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი მურვანიძე და გუგა ქადიძე აცხადებენ, რომ დღეს სამსახურიდან გაათავისუფლეს.

„პუბლიკასთან“ საუბარში გიორგი მურვანიძე ამბობს, რომ გათავისუფლების ბრძანება დღეს საღამოს მიიღეს. თავის გათავისუფლებას პროფესიულ საქმიანობასა და ალტერნატიული პროფკავშირის საქმიანობას უკავშირებს, რომლის ერთ-ერთი დამაარსებელიც ბაჩო გურაბანიძესთან ერთადაა.

„ბრძანება მივიღეთ 7-ს რომ დააკლდა 10 წუთი დაახლოებით. უკავშირდება იმას, რომ მე, ბაჩო გურაბანიძეც ვართ „ალტერნატიული პროფკავშირების“ დამაარსებლები. მე პირადად ვარ „ჰეშტეგის“ პროექტის ავტორი.

ვმუშაობ ამ ტელევიზიაში 14 წელია და ამ შრომის საფასურად დამიდეს ის, რომ დღეს გამათავისუფლეს სამსახურიდან. ადვოკატთან გავივლით კონსულტაციას და შემდეგ ვისაუბრებთ გეგმებზე“, – განგვიცხდა გიორგი მურვანიძემ.

საკუთარი გათავისუფლების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა ასევე ბაჩო გურაბანიძემაც.

„რეპრესიები გრძელდება!!!! აჭარის ტელევიზიის დირექტორმა, ვინმე კოხრეიძემ მე და გიორგი მურვანიძე გაგვათავისუფლა ტელევიზიიდან, დეტალების შესახებ მოგვიანებით დავწერ. 18-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ მე ტელევიზიაში აღარ ვმუშაობ“, -წერს ის.

გათავისუფლებული ჟურნალისტების შესახებ ალტერნატიული პროფკავშირის წევრებმა  ისაუბრეს გადაცემა „ჰეშტეგის“ პირდაპირ ეთერში. 

„მიგვაჩნია, რომ დირექტორის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი სადამსჯელო გადაწყვეტილება, რომლითაც ის სჯის იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ბედავენ ხმის ამოღებას და არ ეგუებიან თავისუფლების დაკარგვას, პარტიულ დღის წესრიგს“, – განაცხადა ალტერნატიული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი არობელიძემ.

ალტერნატიული პროფავშირების თავმჯდომარე მალხაზ რეხვიაშვილი გათავისუფლების კავშირს პროფკავშირის საქმიანობასთან ხედავს.

„ძალიან საეჭვოდ ემთხვევა ყველაფერი ეს აქციებს,  გაფიცვის მომზადებას, ემთხვევა იმას, ვინ იყო ამ პროფკავშირის გული და სულის ჩამდგმელი. ეს არის ლუკმა, რომელსაც ვერ გადაყლაპავს და ამის პირობას პროფკავშირის თითოეული თანამშრომელი ვდებთ“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

გათავისუფლებული თანამშრომლების მხარდასაჭერად ალტერნატიულმა პროფკავშირებმა დღეს საპროტესტო შეკრებაც დააანონსა.

გიორგი არობელიძის თქმით, თუ ეს გადაწყვეტილება არ იქნება შეცვლილი, პროტესტი იქნება რადიკალური, რადგან ამასთან შეგუებას, მისი თქმით, არავინ აპირებს. არობელიძე ამბობს, რომ ეს არ იქნება მხოლოდ ალტერნატიული პროფკავშირების პროტესტი, მათთან ერთად დადგებიან ტელევიზიის თანამშრომლებიც.

ინფორმაციის მისაღებად „პუბლიკა“ აჭარის მაუწყებლის დირექტორთან დაკავშირებას ცდილობს, მის პოზიციას კომენტარის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.