აჭარის ტელევიზიიდან გათავისუფლებულმა ჟურნალისტმა სააპელაციოში დავა მოიგო 

პუბლიკა

2020 წელს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებულმა ჟურნალისტმა, თეონა ბაკურიძემ სასამართლო დავა მოიგო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება შეცვალა – 2023 წლის 27 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბაკურიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ის სასამართლოში ითხოვდა სამსახურიდან გათავისუფლების უკანონოდ ცნობას, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას, განაცდური თანხის ანაზღაურებას და სამსახურში აღდგენას.

თეონა ბაკურიძის თქმით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის ბრძანებები მისი ეთერიდან მოხსნის და გათავისუფლების შესახებ.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა დისკრიმინაციის ნაწილი. ბაკურიძის თქმით, ამაზე ის დავას გააგრძელებს.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს დააკისრა კომპენსაცია 6 თვის ხელფასის სახით, სავარაუდოდ, სამსახურში ვერაღდგენისთვის.

„არ ვიცი, შერცხვება თუ არა პირველი ინსტანციის მოსამართლეს, მაგრამ მახარებს, რომ სისტემაში არიან კეთილსინდისიერი მოსამართლეებიც. სისტემამ, რასაც ვუპირისპირდებოდით, მაშინაც იცოდა, რომ უკანონო იყო ჩემი გათავისუფლება, მაგრამ მათ სჭირდებოდათ დრო, რომელიც მოიგეს – 4 წელი. სჭირდებოდათ ჩვენი ჩამოცილება სარედაქციო პოლიტიკიდან. ჩვენ მაშინაც ვიცოდით, რომ „ოცნების” ხელისუფლების მთავარი მიზანი იყო აჭარის ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება. შეგიძლიათ ერთ გამოშვებას შეხედოთ და ამაში თქვენც დარწმუნდებით

მადლობა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს”, რომელსაც ასეთი დახმარების გაწევისთვის, ამ სისტემის მხილებისთვის – აგენტად გამოცხადებას უპირებს ეს ხელისუფლება”, – დაწერა თეონა ბაკურიძემ ფეისბუქზე.

თეონა ბაკურიძე აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი იყო. ის 2020 წელს გაათავისუფლეს.