აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ, მისი პირველი მოადგილის ნათია ზოიძის ხელშეკრულებაში ცვლილება შეიტანა და ამოიღო ის პუნქტები, რომლითაც მაუწყებლის სამივე პლატფორმაზე კოორდინაცია და პოლიტიკის შემუშავება ევალებოდა.
ტელევიზიის დირექტორმა ბრძანება დღეს, 23 დეკემბერს, გამოსცა. გიორგი კოხრეიძის თქმით, ბრძანება მისი პირველი მოადგილის უფლებამოსილების ფარგლებს აზუსტებს.
ხელშეკრულებაში მეხუთე მუხლი შეიცვალა. შეცვლილ ვერსიაში წერია, რომ ”დასაქმებულის შრომით მოვალეობაში შედის, დირექტორის დავალებით კომპეტენციის ფარგლებში მაუწყებლის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის პერიოდული ანალიზის და ანგარიშების წარდგენა”.
გადაწყვეტილების გასაჩივრება ერთი თვის ვადაშია შესაძლებელია. დირექტორის მოადგილე ამ უფლების გამოყენებას და გასაჩივრებას აპირებს.
მის ინტერესებს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
ნათია ზოიძე კოხრეიძის არჩევის შემდეგ საუბრობდა, რომ დირექტორს მისი ხელშეკრულების შეცვლა და სარედაქციო პოლიტიკიდან ჩამოშორება უნდოდა, რის გამოც გიორგი კოხრეიძე მას ფაქტების გასაჯაროებითაც ემუქრებოდა.
აჭარის ტელევიზიის ახალი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის არჩევის შემდეგ, ტელევიზიის ჟურნალისტების ნაწილი ღიად საუბრობს მათი სარედაქციო დამოუკიდებლობის შესაძლო ხელყოფაზე.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წარმომადგენლებმა 3 და 4 დეკემებრს ტელევზიის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართეს.
აჭარის ტელევიზიაში განვითარებულ მოვლენებზე განცხადება გაავრცელა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა 9 დეკემბერს.
ორგანიზაცია განცხადებაში ტელევიზიის დირექტორს დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.
განცხადებაში წერია, რომ ახალი დირექტორის დანიშვნისთანავე დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკაში თვითნებური ინტერვენციის ნიშნები გაჩნდა.
არჩევის პირველივე დღეს გიორგი კოხრეიძემ მთავარი საინფორმაციო გადაცემის წამყვანთან საუბარში არხს კრიტიკულობის დონე დაუწუნა და მიუთითა, რომ „სტუმარი არ უნდა გააღიზიანონ“.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ახალი დირექტორის დანიშვნის შემდგომ ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენები და ჟურნალისტების განცხადებები საგანგაშოა. ის პოლიტიკური და სამოქალაქო აქტორების საგანგებო ყურადღებას საჭიროებს.