აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია – ქარტიის საბჭო

პუბლიკა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში ამბობენ, რომ ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა გაამძაფრა ეჭვი, ტელევიზიის ახალი მრჩეველთა საბჭო, რომლის უმრავლესობაც სრულად „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხარდაჭერითაა დამტკიცებული, აირჩევს ისეთ ახალ დირექტორს, რომელიც ხელისუფლების ინტერესებს დაიცავს და მმართველი ძალისთვის ლოიალურ სარედაქციო პოლიტიკას გაატარებს.

რამდენიმე დღეში აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი დირექტორი ეყოლება.

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეინარჩუნოს დღეს არსებული კრიტიკული, ხელისუფლების გავლენისგან დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა.

ახალმა დირექტორმა არ განახორციელოს იქ მომუშავე პროფესიონალი, გავლენებისგან თავისუფალი ჟურნალისტების დევნა ან შეზღუდვა. უფრო მეტიც, საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ ერთ წელზე ნაკლებ დროში მნიშვნელოვანია, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა გახდეს უფრო სიღრმისეული, კრიტიკულად მოდარაჯე ხელისუფლების ყველა შტოს მიმართ. სწორედ ასეთი მედიის არსებობაა მნიშვნელოვანი და აუცილებელი ჩვენი საზოგადოებისთვის“, – ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებაში.

ქარტიის საბჭო მოუწოდებს ყველას, ვისაც მცირედი წვლილის შეტანა შეუძლია ტელევიზიის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში, გააკეთონ მაქსიმუმი, რათა არ მოხდეს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რაც დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობას მოუსპობს იქ დასაქმებულ ჟურნალისტებს და გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ამ ტელევიზიის აუდიტორიას, რომლისთვისაც აუცილებელია, მიიღოს გადამოწმებული, კრიტიკული, სიღრმისეული ინფორმაცია ნებისმიერ მნიშვნელოვან თემაზე.

ასევე, როგორც საბჭოში ამბობენ, მნიშვნელოვანია, კონკურსი წარიმართოს მაღალი კონკურენციის პირობებში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პირები, რომლებსაც საზოგადოება ენდობა.