აჭარის უმაღლეს საბჭოს ენმ-ის დეპუტატები ტოვებენ

პუბლიკა

„ჩვენ ვფიქრობთ, რუსული ხელისუფლების გვერდით ჯდომა მიუღებელია; ხელისუფლების, რომელიც ყოველდღიურად დაკავებულია სახელმწიფოს წინააღმდეგ საქმიანობით და ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიკვდილით დასჯით“, – „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს დატოვება გამოაცხადეს.

ენმ-ის წევრებმა განაცხადეს, რომ არ აპირებენ კაბინეტებიდან სააკაშვილის „სიკვდილით დასჯის ყურებას და იბრძოლებენ მისი რუსული რეჟიმისგან დასახსნელად“.

ენმ-ის აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა, გიორგი კირთაძემ განაცხადა, რომ ახლა საზოგადოებაში ერთობის დროა.

„წარმოუდგენელია, ერთი მხრივ, ვუყურებდეთ გამოცხადებულ სიკვდილის ქრონიკას საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიმართებით, პარალელურად დემოკრატიის იმიტაციას ვქმნიდეთ და ვსხდებოდეთ „ქართულ ოცნებასთან“ ბიუჯეტის ან სხვა საკითხების განსახილველად“, – განაცხადა მან.


14 დეკემბერს სასამართლო პროცესზე, რომელზეც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის გადავადების საკითხს განიხილავენ, მიხეილ სააკაშვილის დასწრება ან დისტანციური ჩართვა ვერ მოხერხდა.

კლინიკა „ვივამედმა“ მას პროცესზე ფიზიკური დასწრების რეკომენდაცია არ მისცა, დისტანციურად მის ჩართვაზე უარი კი პენიტენციურმა სამსახურმა ტექნიკური გაუმართაობით განმარტა.

14 დეკემბერსვე პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეომასალა „ვივამედში“ სააკაშვილის პალატიდან, რომელშიც, მათი თქმით, ასახუალია, როგორ ეურჩება ექსპრეზიდენტი ექიმებს და უარს აცხადებს მკურნალობაზე.

უხმო ვიდეომასალა 10:29 წუთს გრძელდება, დამონტაჟებულია და ასახავს სხვადასხვა დროს სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებს. კადრებზე ეპიზოდურად მითითებულია სამი თარიღი: 2022 წლის 9 აგვისტო, 4 ოქტომბერი და სულ ბოლოს რამდენიმე წამზე – 12 დეკემბერი.