აჭარის უმაღლესმა საბჭომ თორნიკე რიჟვაძის მეთაურობით სამთავრობო გუნდი დაამტკიცა

პუბლიკა

14 მომხრე, 1 წინააღმდეგი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ ხმათა უმრავლესობით თორნიკე რიჟვაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარედ, მის მიერ წარდგენილი სამთავრობო გუნდი და პროგრამა დაამტკიცა.

კაბინეტის დასამტკიცებლად 11 ხმა იყო საჭირო, უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნება“ კი 14 დეპუტატითაა წარმოდგენილი. საბჭოს მუშაობას ბოიკოტს უცხადებს ოპოზიცია, გარდა ყოფილი „რესპუბლიკელის“ ირაკლი ჩავლეიშვილისა, რომელმაც საბჭოში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო და პარტია დატოვა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს წინაშე გამოსვლის დროს თორნიკე რიჟვაძემ შეაჯამა, როგორ იმუშავა რეგიონმა კორონავირუსის პანდემიის დროს როგორც სამედიცინო, ასევე სოციალური დახმარების მიმართულებით; წარმოადგინა ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს მრავალპროფილურ საუნივერსიტეტო კლინიკად გახდომასაც ითვალისწინებს;

გეგმაშია ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების, გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურების, ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება; რიჟვაძის დაპირებით, 2021 წლიდან ამუშავდება ახალი პროგრამა – სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობის „სასურსათო კალათით” უზრუნველყოფა.

რაც შეეხება მინისტრებს, რიჟვაძემ საბჭოს დასამტკიცებლად კაბინეტი უცვლელი შემადგენლობით წარუდგინა.