აცრა გვიცავს სიკვდილისგან - პრემიერი

პუბლიკა

ვაქცინაციას სჭირდება მართვა და მთავრობას სჭირდება გვერდში დგომა. ძალიან ელემენტარული წესების დაცვაა საჭირო, როგორიც არის პირბადის ტარება, დისტანცია და ხალხმრავალი შეკრებების, ქეიფების, ქორწილებისა და ქელეხების, სამწუხაროდ, არგამართვა, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას, რომ მაქსიმუმ 2-3 თვე არ გადაიხადონ ქორწილები და ქელეხები, რადგან სწორედ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამავრცელებელი ვირუსის.

„ჩვენ ახლა მოგვიწია გარკვეული შეზღუდვების დაწესება, გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეზღუდვები დავაწესოთ ქვეყანაში. ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ჩვენი გათვლით, არ იქონიებს რეალურ გავლენას ეკონომიკის ზრდაზე და მეორე მხრივ, მინდა, აქვე ვისაუბრო, კიდევ ერთხელ, ვაქცინაციის მნიშვნელობაზე.

ბევრმა ქვეყანამ ჯერ კიდევ ვერ შეძლო ვაქცინის საკმარისი რაოდენობის შეტანა. ჩვენ ეს მოვახერხეთ. ოპონენტები გვაკრიტიკებენ, კიდევ რაღაცებს გვაბრალებენ, მაგრამ ფაქტი არის სახეზე და ჩვენ ყოველთვის შედეგზე უნდა ვისაუბროთ. შედეგი არის ის, რომ ქვეყანაში 3 მლნ-ზე მეტი ხარისხიანი ვაქცინები გვაქვს – „ფაიზერი“, ჩინური ვაქცინები და ყველაფერი, რაც ხელმისაწვდომია ჩვენი მოსახლეობისთვის“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული აცრა არის აბსოლუტურად უსაფრთხო და არავითარი გვერდითი მოვლენები, გართულებები არ ახლავს.

„მეცნიერები ვერ ამბობენ ზუსტ პროგნოზს, რადგან დამოკიდებულები არიან ადამიანების, ანუ ჩვენს ქცევაზე. ჩვენი ქცევა რა უნდა იყოს ამ შემთხვევაში, ყველაზე გონივრული და მომიტევეთ, ჩემს მოკრძალებულ აზრს გეტყვით კიდევ ერთხელ – აუცილებელია აცრა. როგორც ადამიანები იცრებიან ჩვეულებრივ, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინებით, ანალოგიურად მიმდინარეობს ტენდენცია და საუბარი იმაზე, რომ ანალოგიურად დაიწყება და დამკვიდრდება მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში აღნიშნული აცრები.

აცრა არის აბსოლუტურად უსაფრთხო, არავითარი გვერდითი მოვლენები, გართულებები არ ახლავს აღნიშნულ აცრას. ამერიკის შეერთებული შტატებია ყველაზე ძლიერი ქვეყანა და სექტემბერში საბოლოოდ დაამტკიცებს „ფაიზერს“ და ზოგადად, გამოაცხადებს, რომ ყველა დონის ავტორიზაცია გაიარა ვაქცინებმა, რაც ნიშნავს იმას, რომ ამერიკა, თავისი მოქალაქეებისთვის სავალდებულოს გახდის ვაქცინების მიღებას. შესაბამისად, ჩვენ გვინდა, თუ არ გვინდა, ამის გაკეთება მოგვიწევს.

ვინც არ აიცრება, სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ და ვუყურებთ ამ რეალობას, გარდაცვალება მოგვემატება, ამიტომ, ამისგან თავის დაზღვევის მიზნით, საჭიროა ძალიან მარტივი აცრა. გვაქვს საკმარისი რაოდენობის ვაქცინები და უნდა ავიცრათ ყველა, დავარწმუნოთ ჩვენი მშობლები, შვილები, ახლობლები, მეგობრები, რომ ყველა ავიცრათ. მე აცრილი ვარ, ჩემი ოჯახის ყველა წევრი აცრილია. მთავარი არგუმენტი, კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, რომ აცრა გვიცავს სიკვდილისგან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.