დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღესდღეობით, ქვეყანაში აცრაზე მოთხოვნა სჭარბობს მიწოდებას.
მისი თქმით, ქვეყანაში არსებული ვაქცინების რაოდენობა და იმ ვაქცინების რაოდენობა, რომელთა შემოსვლაც დადასტურებულია, იძლევა იმის საშუალებას, რომ ივნისის ბოლომდე ქვეყანაში იყოს 358 ათასი დოზა ვაქცინა. მისივე თქმით, აქედან 67-68 ათასამდე დოზა უკვე ათვისებულია.
გამყრელიძის ინფორმაციით, დღეს შედგება იმუნიზაციის საბჭოს სხდომა, რომელზეც განიხილება „ასტრაზენეკაზე“ ასაკის დაწევისა და „სინოვაკის“ ადმინისტრირების საკითხები, რადგან დღესდღეობით მოთხოვნა სჭარბობს მიწოდებას.
„ხალხს მეტს უნდა აცრა, ვიდრე ვაწოდებთ ახლა, ამ ეტაპზე, და საჭიროა, მეტად გავაინტენსიუროთ.
დღეისთვის ავიყვანეთ 161 ბრიგადაზე, 100-მდე საავადმყოფოს 161 ბრიგადა ცრის დღეს, მაგრამ რაიონებში ზოგი ბრიგადა არ მუშაობს ყოველდღიურად. გვინდა, ეს გაიზარდოს და 7-დღიან სამუშაო რეჟიმზე გადავიდეთ და შესაბამისად წავახალისოთ სპეციალისტები, ვინც შაბათ-კვირას მუშაობს.
გვინდა, ამ თვის ბოლომდე ავიდეთ 161 ბრიგადიდან 200 ბრიგადამდე. თითო ბრიგადა აკეთებს დღეში, ნორმალურად, 42-დან 50-მდე აცრას, აქედან გადამრავლებული, ეს სიმძლავრე იქნება.
ივნისის ბოლოსთვის, 300 მაინც უნდა იყოს ეს ბრიგადა, რომელიც ივლისში აიყვანს დღეში 15 ათასამდე აცრას“, – განაცხადა მან.