აცრილია თუ არა ჯანდაცვის ახალი მინისტრი? – რას პასუხობს გაბუნია ჟურნალისტებს

პუბლიკა

იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ იმუნიზაციის ახალ გეგმაში საუბარია ბუსტერის მნიშვნელობაზე. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, აქვს თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზა გაკეთებული ჯანდაცვის ახალ მინისტრს ან საერთოდ აცრილი არის თუ არა.

„ვერ გეტყვით ახლა. ასეთი პირადი ინფორმაცია ჩემთვის ცნობილი არ არის და არც სატელევიზიო გარჩევას ექვემდებარება“, – უპასუხა თამარ გაბუნიამ ჟურნალისტს.

საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ  როგორც იმუნიზაციის გეგმით არის განსაზღვრული, მოსახლეობის 70% მიმდინარე წლის ივლისამდე უნდა აიცრას, თუ გვინდა, რომ პანდემია შევაჩეროთ.


საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 23 664 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა კიდევ 42 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 8 326 კოვიდპაციენტი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.05%, ბოლო 14 დღის განმავლობაში – 24.27% ხოლო 7 დღის – 27.36%.