აცრის საიტი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ხელშია და ვფიქრობთ, ხარვეზები აღარ გამეორდება - გაბუნია

პუბლიკა

„დღეს ძალიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ხელშია ვებგვერდის ტექნიკური უზრუნველყოფის მხარე, ასევე მისი დაცვის საკითხიც და ვფიქრობთ, მსგავსი ხარვეზები აღარ გამეორდება“, – ასე გამოეხმაურა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალის შეფერხებით მუშაობას.

გაბუნიას თქმით, მსგავსი ხარვეზი რომ აღარ განმეორდეს, ჯანდაცვის სამინისტრომ დახმარებისთვის და პრევენციული ზომების მისაღებად სხვადასხვა უწყებას მიმართა:

„რაც შეეხება პორტალთან დაკავშირებულ ტექნიკურ პრობლემას, ეს იყო „სონოფარმის“ შემთხვევაშიც, მანამდე კიდევ რამდენიმე ეპიზოდი იყო. ტექნიკური გაუმართაობიდან გამომდინარე და იმის საჭიროებიდან, რომ პრევენციული ზომები მიგვეღო, ჯანდაცვის სამინისტრომ დახმარებისთვის მიმართა სხვადასხვა შესაბამის უწყებას…

…ტექნიკური სპეციალისტი არ ვარ, ამიტომ თემას ვერ ჩავუღრმავდები. ჩვენთვის, როგორც პორტალის მომხმარებლისთვის, მთავარია, ვიცოდეთ, რომ ვებგვერდი არის წესრიგში. ამის შესახებ როდესაც გვაქვს წინასწარი დასტური, რა თქმა უნდა, მოლოდინი, რომ მსგავსი პრობლემები იქნება, ნაკლებია. როგორც ჩანს, არ იყო ის დატვირთვა, რაზეც ვებგვერდია გათვლილი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ გეგმავენ, სამომავლოდ ასეთი ტიპის პორტალებზე დამოკიდებულება შეამცირონ და უკვე „ფაიზერის“ დოზების მომდევნო ნაკადის მიღების შემდეგ ვაქცინაცია პროტოკოლით გათვალისწინებული რამდენიმე მეთოდის, მათ შორის კლინიკაში ცოცხალი რიგის საშუალებით მოხდეს.

„ამდენად, სამომავლოდ ვგეგმავთ, რომ ასეთი ტიპის პორტალებზე დამოკიდებულება შევამციროთ, რადგან ეს არ გახდეს მთავარი აქცენტი უაღრესად მნიშვნელოვან პროცესში. ეტაპობრივად, მას შემდეგ, რაც „ფაიზერის“ დოზების სრული რაოდენობა ჩამოვა ქვეყანაში, გაიშლება ქსელი, 30-მდე კლინიკა ჩაერთვება მეორე ეტაპზე, სადაც უკვე იქნება სატელეფონო კონსულტაციის შესაძლებლობა, პორტალიც იმუშავებს და ადგილზე პირდაპირ რიგისა და იქვე ვაქცინის მიღების შესაძლებლობაც იქნება.

ეს პროტოკოლი „სინოფარმსა“ და „სინოვაკთან“ მიმართებით უკვე მოქმედებს. „ფაიზერთან“ დაკავშირებით როგორც კი შემოვა ის დოზები, რომლებსაც მოკლე პერიოდში ველოდებით, იგივე პროტოკოლი ამოქმედდება, რათა მოქალაქეებს მაქსიმალური წვდომა ჰქონდეთ და ამდენი ნერვიულობა აღარ იყოს რეგისტრაციის პროცესში. ეს ჩვენთვისაც უხერხულია, მოქალაქისთვისაც, უამრავი განმარტება და ეჭვი ჩნდება იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცამ შეძლო დარეგისტრირება, ვიღაცამ კი ვერ მოახერხა.

მინდა, ღიად განვაცხადო, რომ აბსოლუტურად გამორიცხულია ყოველგვარი კონსპირაციული მოქმედება რეგისტრაციის პროცესში, რადგან ჩვეულებრივ ვებგვერდზე რეგისტრირდება მოქალაქე, ვიღაცამ მოასწრო დარეგისტრირება და ვიღაცამ ვერ მოასწრო. ამ შემთხვევაში შეფერხების მიზეზი იყო გადატვირთვა“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.