დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, ვებგვერდი – booking.moh.gov.ge, რომელზეც „სინოფარმით“ აცრის მსურველებს მეორე დოზისთვის დარეგისტრირება დღეს 20:00 საათიდან უნდა შესძლებოდათ, მაღალი აქტიურობის გამო ტექნიკური შეფერხებით მუშაობს.
NCDC-ის განცხადებით, ხარვეზი მალე აღმოიფხვრება, ხოლო „სინოფარმის“ მეორე დოზა ყველა იმ ადამიანისთვისაა შენახული, ვინც პირველი დოზით აიცრა ან აცრისთვის ვიზიტი დაჯავშნილი აქვს.
„აცრის დაჯავშნის მსურველი მოქალაქეების მაღალი აქტიურობის შედეგად ელექტრონულ სისტემაში შეიქმნა წინასწარ გაუთვალისწინებელი დროებითი ტექნიკური შეფერხება, რომელიც უმოკლეს დროში აღმოიფხვრება და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია დამატებით იქნება მოწოდებული.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით აცრისათვის საჭირო ვაქცინები შენახულია პირველი დოზით აცრილი მოქალაქეებისათვის და ყველა მოქალაქე შეუფერხებლად შეძლებს მეორე დოზით აცრის დაჯავშნას მისთვის სასურველ სამედიცინო დაწესებულებაში. ბოდიშს გიხდით წინასწარ გაუთვალისწინებელი ტექნიკური შეფერხებისთვის!“, – აცხადებს NCDC.
„სინოფარმით“ მოქალაქეთა იმუნიზაცია 4 მაისიდან დაიწყო, პირველ დოზასა და მეორე დოზას შორის სხვაობა 21-28 დღე უნდა იყოს, შესაბამისად 25 მაისიდან მოქალაქეთა მეორე დოზით აცრა უნდა დაიწყოს. ასევე დაიწყო რეგისტრაცია მათთვის, ვინც „ასტრაზენეკას“ პირველი დოზით დაიწყო, თუმცა ვებგვერდის ტექნიკური შეფერხების გამო მოქალაქეები ვიზიტს ვერ ჯავშნიან.