ადამიანები, რომლებიც საქართველოს იცავენ უკრაინაში, მეეჭვება, პასპორტის წართმევამ შეაშინოს - მამულაშვილი

პუბლიკა

„ადამიანები, რომლებიც ჩამოსულები არიან და მიდიან სიკვდილზე, მე ეჭვი მეპარება, რომ შეაშინოს პასპორტის წართმევამ… ამითაც ვერაფერს დააკლებენ ადამიანებს, რომლებიც იცავენ თავის ქვეყანას უკრაინაში”, – ამის შესახებ „tv პირველთან” საუბრისას უკრაინაში „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 2014 წლიდან არის ეს დევნა, უბრალოდ დღეს უფრო აქტიური ფაზაა.

როგორც მან აღნიშნა, თუ ქართულმა საზოგადოებამ ვერ გასცა ამაზე ღირსეული პასუხი,  რა თქმა უნდა, შემდეგი ეტაპი იქნება იმის განვითარება, რაზეც ილაპარაკეს [„ქართული ოცნების” წევრებმა].

„ლაპარაკი იმაზე, რომ ჩამოართმევენ მოქალაქეობას… რა არის იცით, ეს ადამიანები არიან დამსახურებული ადამიანები, ხშირ შემთხვევაში კარგ ევროპულ განათლებამიღებულებიც არიან ჩვენთან ბიჭები და შეშინება ადამიანებისა, რომ ჩამოგართმევთ მოქალაქეობას, მე მგონი სისულელეა. ეს არის ის პრიმიტიული დონე, რაც შეიძლება მაგათ ჰქონდეთ წარმოდგენილი. ესენი არიან უმაღლესი დონის ჯარისკაცები, ამ ადამიანებმა იციან, რას აკეთებენ, რაზე მიდიან. თანხით მოტივაცია შეიძლება ჰქონდეთ იმ ადამიანებს, ვისაც რუსეთი ქირაობს.

ძალიან ბევრჯერ გაგვისვამს ხაზი, რომ აქ ხელფასი არ არის, როცა რეკრუტირება ხდება, განგებ ვეუბნებით ამას ჯარისკაცს, რომ იცოდეს, არ ჩამოდის აქ იმისთვის, რომ ხელფასი ჰქონდეს.

…ადამიანებმა ძალიან კარგად იციან რას აკეთებენ და ჩვენც ძალიან კარგად ვიცით, რას ვაკეთებთ. ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს და მოვიწოდებთ, რომ დაიცვან საქართველოს ინტერესები, ნუ გვიშლიან ხელს იმაში, რასაც თვითონ არ აკეთებენ, არ გაუკეთებიათ და ვერ გააკეთებენ ვერასდროს”, – განაცხადა მამულაშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ლეგიონი” უკრაინის ჯარში არის ყველაზე დიდი უცხოური შენაერთი და სტატისტიკის მიხედვით, არის ერთ-ერთი მოწინავე განადგურებული მტრის რაოდენობით.

„ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რატომაც არიან გაღიზიანებულები და ეტყობა, რუსეთმა მოითხოვა, რომ რამენაირად შეეჩერებინათ ქართველების რეკრუტირება”, – ამბობს ის.

მან „ქართული ოცნების” მთავრობას კოლაბორანტები უწოდა.

„სამწუხაროდ, იმდენად გათამამებულები [არიან], რომ გადმოსწვდნენ უკვე მებრძოლებს, იმიტომ, რომ დანარჩენმა, ყველაფერმა ჩაიარა ისე, რომ პასუხი არ მოეთხოვათ თანამშრომლობაზე რუსეთის სპეცსამსახურებთან… იმდენად დიდია ზეწოლა რუსეთიდან, რომ უბრალოდ გამოსავალი აღარ აქვთ”, – ამბობს მამულაშვილი.