ადამიანებს ინფლუენსერპლატფორმებით დავეხმარები, პოლიტიკოსი ვერ ვიქნები – ნანუკა ჟორჟოლიანი

პუბლიკა

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ვანის, სამტრედიის, ხონისა და წყალტუბოს რაიონებში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატია.

ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ პოლიტიკოსობას არ აპირებს, „რადიო თავისუფლებასთან“ კი მომავალ საარჩევნო კამპანიასა და გეგმებზე ისაუბრა.

„მაგალითად, ზურა ჯაფარიძე ჩემზე კომპეტენტურია. ახლა მე რომ ხალხს პენსიის გაზრდაზე დავუწყო ლაპარაკი, არ ვიცი, ეს როგორ უნდა გავაკეთო, ამიტომ არ ვიზამ. არც ვიმეცადინებ ამ საკითხში.  მე ვიცი, რომ ჩავალ, მოვუსმენ ადამიანებს, დამელაპარაკება თავის პრობლემებზე და ვეტყვი, რომ შენს გვერდით ვარ ამ პრობლემის გადაჭრაში. ვეტყვი, რომ ჩემს ინფლუენსერპლატფორმებს გამოვიყენებ, ჩემს კონტაქტებს და ამ პრობლემის გადასაჭრელ ფულს შევუგროვებ. ამ ტიპის მონაწილეობას მივიღებ ადამიანის ცხოვრების შეცვლაში. ამიტომაც ვამბობ, რომ პოლიტიკოსი ვერ ვიქნები“, – ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ტელეწამყვანი „ძალა ერთობაშიას“ წევრმა პარტიამ – „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ წყალტუბო-სამტრედია-ვანი-ხონის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად 23 სექტემბერს დაასახელა. თუმცა მანამდე ამავე ოლქში „ნაციონალურ მოძრაობას“ დასახელებული ჰყავდა გადამდგარი გენერლის, დევი ჭანკოტაძის კანდიდატურა, რომელსაც წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაწყებული ჰქონდა.