ადამიანი არის ავანტიურით დაკავებული. არ გამოვა თქვენგან პოლიტიკოსი, ბატონო გიორგი, ნუ გამოხვალთ სცენაზე - წულუკიანი გახარიაზე

პუბლიკა

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მას კითხვები აქვს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან და მისი გუნდის წევრებთან. ამის შესახებ წულუკიანმა „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

„როდესაც ხარ ხელისუფლებაში მრავალი თვე და მრავალი წელი, მსახურობ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, როდესაც შენი თანაგუნდელი სუსის უფროსის მოადგილეა და კურირებს ფარულ ოპერატიულ საქმიანობას, მათ შორის მიყურადებებს, ვგულისხმობ ბატონ ხოჯევანიშვილს, როდესაც თქვენი ყველას ხელმძღვანელია ბატონი გახარია და ჩემიც მათ შორის იმ დროს და მე რომ ჩუმად ვარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამნეზია მჭირს…

მე არაფერი ვიცი, ვსვამ კითხვებს, რომლებიც ლეგიტიმური მგონია…

როდესაც შენ სუსში მსახურობდი, როდესაც შენი თანაგუნდელი და ამ გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, ვგულისხმობ ხოჯევანიშვილს, დავგუგლოთ, გუგლი ახლა მოდაშია და ვანო მერაბიშვილს უდგას გვერდით, რომელიც ავალებს ორი ტრუპი მომიყვანეო, ეს მეტრუპეები, რომლებიც იყვნენ ხელისუფლებაში, ჩვენი გუნდის წევრები რომ იყვნენ, მე ეს არ მიკრძალავს დავსვა კონკრეტული კითხვები”, – ამბობს წულუკიანი.

მისივე თქმით, გიორგი გახარია ავანტიურით არის დაკავებული.

„მე ბევრჯერ ვთქვი საჯაროდ, არ გამოვა თქვენგან პოლიტიკოსი ბატონო გიორგი და ნუ გამოხვალთ სცენაზე, ადამიანი არის ავანტიურით დაკავებული…

მე დავინახე ბოლოს საშინლად განაწყენებული ადამიანი, რომელიც ჩაერთო პოლიტიკურ ავანტიურაში“, – ამბობს წულუკიანი.