საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებიბაზე შალვა პაპუაშვილს არჩევის საკითხი განიხილება.
შალვა პაპუაშვილს სიტყვით გამოსვლის შემდეგ დეპუტატებმა შეკითხვები დაუსვეს და მოსაზრებები გამოთქვეს მის კანდიდატურასთან დაკავშირებით.
დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ მას მხარს ვერ დაუჭერს და შალვა პაპუაშვილის წარდგენა ამ თანამდებობაზე ქართული პარლამენტარიზმის შეურაცხყოფაა.
„პირველ რიგში, მიმაჩნია, რომ პოლიტიკური აბსურდია, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე [კახა კუჭავა] არა მხოლოდ მიდის თანამდებობიდან, არამედ ტოვებს მანდატს. ასეთი რამ საქართველოს პარლამენტის ისტორიაში არ გვახსენდება, მაგრამ არც ის არ გვახსენდება, როდესაც ერთი წლის განმავლობაში, პარლამენტს არჩევიდან ერთ წელიწადში მესამეჯერ უწევს, აირჩიოს თავმჯდომარე. ეს აჩვენებს ერთადერთ რამეს, რეალურად, პოლიტიკური კრიზისი შექმნა თქვენი გუნდის არჩევანმა, ხელისუფლებაში დარჩენილიყო, მიუხედავად ქართველი ხალხის მიერ გამოხატული ნებისა და ეს პოლიტიკური არასტაბილურობა გრძელდება დღესაც.
ვერ დავუჭერ მხარს მას, ვინც ფარისევლურად იძახდა, რომ, თურმე, 2024-ში ევროკავშირში განაცხადის გაკეთებას აპირებს. ადამიანი, რომელიც ჩვენთან ერთად იჯდა მიშელის მოლაპარაკებებზე, შემდეგ კი ამტკიცებდა, რომ, თურმე, ეს დოკუმენტი არანაირი ძალის მატარებელი არ არის. თქვენ ხართ პოლიტიკურად მატყუარა და არასანდო ადამიანი.
ასევე მინდა, აუცილებლად აღვნიშნო ის, რომ ადამიანს, რომელსაც არ ჰყოფნის თავშეკავება, რომ ფიზიკურად არ იძალადოს კოლეგაზე, აქ, ამ დარბაზში, ჩემი აზრით, მისი შემოთავაზებაც კი თავმჯდომარის თანამდებობაზე არის შეურაცხყოფა საზოგადოების და შეურაცხყოფა საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიის. ასეთი დაკნინებული ეს პარლამენტი გასული 30 წლის განმავლობაში არ ყოფილა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.