ადამიანის უფლებათა ცენტრის პირველადი შეფასებით, საქართველოში ბოლო წლებში ჩატარებული არჩევნების მსგავსად, დამკვირვებელთა მიერ იდენტიფიცირებული დარღვევების დიდი ნაწილი გამოწვეულია საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელთა დაბალი კვალიფიკაციით. კომისიის წევრების და თავმჯდომარეების მიერ დაშვებულ ტექნიკური ხასიათის შეცდომებსა თუ დარღვევებზე დამკვირვებელთა სამართლიანი შენიშვნები და საჩივრები ხშირად იწვევს მათ გაღიზიანებას და ამის გამო საარჩევნო უბნებზე იქმნება დაძაბულობა, ზოგჯერ კი – კონფლიქტები.
ადამიანის უფლებათა ცენტრმა მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის 48-ე საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობა მოითხოვა.
ორგანიზაციის ცნობით, მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის 48-ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები ზეწოლას ახდენდნენ ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელზე – ეუბნებოდნენ, რომ პრეტენზია არაფერზე გამოეთქვა და არ დაეწერა საჩივრები. ცენტრის დამკვირვებელს კომისიის წევრები არ აძლევდნენ მობილური ტელეფონით ვიდეოს გადაღების საშუალებას და მას „თითების დამტვრევით“ ემუქრებოდნენ. დამკვირვებლის მიმართ აგრესია გამოხატა კომისიის თავმჯდომარემაც. მან დამკვირვებელს ხელი კრა და კედელს მიანარცხა. დამკვირვებელი იძულებული გახდა, დაერეკა მარნეულის #22-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში. კომისიის წარმომადგენლების საარჩევნო უბანზე მოსვლის შემდეგ სიტუაცია დროებით განიმუხტა, მაგრამ მათი წასვლის შემდეგ უბანზე კვლავ ქაოტური სიტუაცია გაგრძელდა.
„ამ უბანზე დამკვირვებელმა დააფიქსირა რამდენიმე ამომრჩევლის მიერ ხმის ორჯერ მიცემის ფაქტი. ყუთთან მდგომი კომისიის წევრი მათ არ აძლევდა კონვერტის ყუთში მოთავსების საშუალებას იმ არგუმენტით, რომ ამ კონკრეტულ ამომრჩევლებს უკვე მიცემული ჰქონდათ ხმა სასურველი კანდიდატისთვის. ამის შემდეგ რამდენიმე პირმა ძალის გამოყენებით შეძლო კონვერტის ყუთში მოთავსება. ადამიანის უფლებათა ცენტრმა #48-ს საარჩევნო უბნის ბათილობა მოითხოვა“,- ნათქვამია განცხადებაში.