ადამიანის უფლებათა ცენტრი: მოვითხოვთ აქციის მონაწილეთა დარბევის, წამებისა და განსაკუთრებული სისასტიკით დაკავების ფაქტების გამოძიებას

პუბლიკა

უფლებადამცველთა გაერთიანება „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სწრაფად და ეფექტურად გამოიძიონ სამართალდამცველთა მხრიდან 29-30 ნოემბერს მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებით დაშლის, მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმის, წამებისა და განსაკუთრებული სისასტიკით დაკავების ფაქტები.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადებით, აქტიურად აკვირდებიან შეკრებებსა და მანიფესტაციებს.

მათი შეფასებით, 29 და 30 ნოემბერს გამთენიისას შსს წარმომადგენლების მხრიდან განსაკუთრებული სისასტიკით მოხდა რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის დაშლა და მონაწილეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება.

მათივე თქმით, განსაკუთრებით საგანგაშო იყო მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტები.

არაოფიციალური მონაცემებით, 29 და 30 ნოემბერს, სულ მცირე 30 ჟურნალისტის მიმართ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა. გარდა ამისა, გამიზნულად მოხდა ჟურნალისტური აპარატურის დაზიანება.

„მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა სამართალდამცველთა მხრიდან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ განხორციელებული დევნისა და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები. რიგ შემთხვევებში, პოლიციის წარმომადგენელთა მიერ განხორციელებული ქმედებები იყო მიმართული არა კანონმდებლობით გათვალისწინებული დაკავების პროცედურების განხორციელებისკენ, არამედ შეიცავდა შურისძიების მოტივით განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ნიშნებს.

გარდა ამისა, მედიით გავრცელებულ ვიდეომასალებში ჩანს მშვიდობიანი აქციის დაშლის დროს, მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ სპეციალური საშუალებების უსაფუძვლო გამოყენების არაერთი ეპიზოდი, სავარაუდო უსაფუძვლო დაკავების შემთხვევები, ძალადობის პირდაპირი განზრახვა, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ გარდა საპროტესტო აქციის ძირითადი ლოკაციისა, დემონსტრანტების დევნა და ფიზიკური ანგარიშსწორება შეკრების ადგილიდან მოშორებითაც მიმდინარეობდა.

სპეციალური დანიშნულების რაზმის მხრიდან გამოხატული დანაშაულებრივი ქმედებები სავარაუდოდ წახალისებულია მათ მიმართ არსებული დაუსჯელობის გარანტიებით.

მიუხედავად აპრილი–მაისში რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავთა მიერ განხორციელებული არაერთი სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებებისა, საგამოძიებო სამსახურს დღემდე არ მოუხდენია მოძალადე პოლიციელების იდენტიფიცირება და აქციის მართვა ფასილიტაციაზე პასუხისმგებელი პირების საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვა. ყოველივე აღნიშნულმა შესაძლოა, მსუსხავი ეფექტი იქონიოს შეკრება–მანიფესტაციის უფლების რეალიზებაზე და მომავალში ხელი შეუწყოს ახალი ძალადობის ფაქტებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.