ადამიანის უფლებათა ცენტრი ბანკების მიერ დაწესებული საშეღავათო პირობების შესახებ

პუბლიკა

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, მომხმარებელმა საშეღავათო პერიოდით სარგებლობისათვის (გაზრდილი სასესხო პერიოდისათვის) პროცენტი უნდა გადაიხადონ. საშეღავათო პერიოდით სარგებლობის შემთხვევაში, გრაფიკით გაწერილი სესხის ვადა გაიზრდება სამი თვით.

13 მარტს საბანკო სექტორმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, მომხმარებლები სესხებზე საშეღავათო პერიოდით – 3 თვით, სესხების გადავადებით ისარგებლებენ. მათი განცხადებით, საშეღავათო პერიოდი 13 მარტიდან დაიწყო და 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. კომერციული ბანკების ამ წინადადებას მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა ნაწილი შეუერთდა.

ცენტრის ინფორმაციით, ყოველთვიური გადასახდელი თანხა  გაიზრდება საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ, რადგან ბანკი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში დარიცხულ პროცენტს სესხის დარჩენილ ვადაზე ანაწილებს ( მაგ: თუ თქვენ სარგებლობთ სესხით 12 თვის ვადით  და ყოველთვიურად გიწევთ 1000 ლარის ოდენობით  გადახდა, და მაგალითისთვის,  200 ლარი არის პროცენტი, პირველი სამი თვის განმავლობაში არ გადაიხდით არც ერთ თეთრს. საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ, სესხის გადახდას დაასრულებთ სამი თვით გვიან, ვიდრე ეს გათვალისწილებულია გრაფიკით. ამავე დროს, სამ თვეში სესხი გაგეზრდებათ ექვსასი ლარით, რომელიც გადანაწილდება დარჩენილ თვეებზე).

24 მარტამდე მომხმარებელს ჰქონდა შესაძლებლობა, უარი ეთქვა საშეღავათო პერიოდით სარგებლობაზე, ხოლო, ვინც უარს არ განაცხადებს, ავტომატურად ჩაერთვება საშეღავათო პერიოდი.

„საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ არ გამოსწორდა შექმნილი მდგომარეობა და მოქალაქეები არ დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს, საბანკო სექტორის მიერ კიდევ ერთხელ გაძვირებული პროდუქტით მოსარგებლეები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, რადგან მათ, ყოველთვიურად, გაზრდილი გადასახადი უნდა გადაიხადონ, ვიდრე ეს იყო იქამდე გაწერილი სასესხო გრაფიკით“, – აცხადებენ ცენტრში.

ორგანიზაცია იმედს გამოთქვამს, რომ საბანკო სექტორი დეტალურ ინფორმაციას მიაწოდებს საბანკო სერვისებით მოსარგებლე მოქალაქეებს და არჩევანის საშუალებას მისცემს მათ.