თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი ეკა ქობესაშვილი საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით პროკურატურის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ისინი სამართლებრივ ბრძოლას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გააგრძელებენ.
„ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ პროკურატურამ ასე სწრაფ რეჟიმში იმოქმედა. იცით, რომ მათ გუშინ ოჯახთან ჰქონდათ შეხვედრა, რომელსაც დაცვის მხარეც ესწრებოდა. იქ განისაზღვრა, რომ ჩვენ უნდა წარგვედგინა დამატებითი მტკიცებულებები, თეონა თამაზაშვილსაც სურდა, გასცნობოდა რამდენიმე ოქმს, დაეფიქსრებინა თავისი კითხვები ამ საქმესთან დაკავშირებით და პასუხები მიეღო. მან შემაჯამებლად განაცხადა, რომ პროკურატურისგან პასუხები ვერ მიიღო. ასეთ სწრაფ რეჟიმში საქმის შეწყვეტა ნამდვილად ბადებს ეჭვს, რომ პროკურატურა მოქმედებს ძალიან სწრაფად და როგორც ჩანს, მათთვის ეს საქმე ძალიან დიდი პრობლემაა, რის გამოც მისი დასრულება სურთ. პრინცპიში, დღევანდელ ბრიფინგზე მათ ახალი არაფერი არ უთქვამთ. იგივე გაიმეორეს, რაც პირველ ბრიფინგზე, რომ ეს სუიციდი იყო.
როგორც ჩანს, რამდენიმე თვე დასჭირდათ ამ ვერსიის გასამყარებლად და საქმე დაასრულეს. ასეთ ნაჩქარევ რეჟიმში გადაწყვეტილების მიღებას ნამდვილად არ ველოდებოდით. შეთანხმებულები ვიყავით, რომ საქმეზე მუშაობა უნდა გაგრძელებულიყო და მიხეილ რამიშვილს კონკრეტული მტკიცებულებები წარედგინა. რა თქმა უნდა, ამ საქმეზე ბრძოლას ვაპირებთ. ყველა შესაძლო სამართლებრივ რეგულაციას გამოვიყენებთ, აუცილებლდ გავასაჩივრებთ და ამ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მივმართავთ“, – განაცხადა ადვოკატმა.
ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა „ტვ პირველს“ განუცხადა, რომ პროკურატურა არ ლაპარაკობს მნიშვნელოვან ინფორმაციაზე:
„ეს ექსპერტების დასკვნები რომ გააყალბეს… ეს ყველაფერი გაყალბებულია და პროკურორი საუბრობს კომპიუტერების ინფორმაციაზე, მომავალზე, ნიკა გეჯაძეზე, სიყვარულზე, მაგრამ არ ლაპარაკობს იმ სიყალბეზე, რაც თავიდან ბოლომდე გაყალბებულია. ჩვენებებზე არ ლაპარაკობს, მწყემსებზე. არ ლაპარაკობს ჯიმშერა აფციაურის ყალბ ჩვენებებზე“, – ამბობს რამიშვილი.
საქართველოს პროკურატურამ დაასრულა თამარ ბაჩალიაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე მიმდინარე გამოძიება. ამასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ბრიფინგი გაიმართა.
პროკურორმა საზოგადოებას გააცნო მტკიცებულებები, რომლებიც, მისი თქმით, ცხადყოფს, რომ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაული არ ჩაუდენიათ და რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.