„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ და წევრი ორგანიზაციები ეხმაურებიან პროკურატურის მიერ „ადამიანის უფლებათა სახლის“ ანგარიშების დაყადაღებასა და მიმდინარე გამოძიებას. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქალაქო სასამართლოს განჩინება აღნიშნულთან დაკავშირებით მათ გუშინ ჩაჰბარდათ.
„ჩვენი შეფასებით, როგორც პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიება, ისე ყადაღის დადების შესახებ მიღებული განჩინება დაუსაბუთებელი და უკანონოა. ეს არის ქართული ოცნების არალეგიტიმური რეჟიმის კიდევ ერთი მიზანმიმართული შეტევა უფლებადაცვით ორგანიზაციებსა და უფლებადამცველებზე, რაც აშკარად წარმოადგენს ქვეყანაში უფლებადაცვითი საქმიანობის კიდევ უფრო მეტად შეზღუდვის მცდელობას. უფლებადაცვითი ორგანიზაციის მხრიდან ჯარიმების გადახდას ჩვენ მივიჩნევთ სოლიდარობის გამოხატულებად. თანადგომა და ადამიანების სიღარიბისგან დაცვა არის ქართული კულტურის და ტრადიციის განუყოფელი ნაწილი“, – წერია განცხადებაში.
მათივე განცხადებით, მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებული პირებისთვის ფინანსური მხარდაჭერის გასაწევად და მათი ჯარიმების გადასახდელად „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა“ შემოწირულებების შეგროვება რუსული კანონის ინიციირების შემდეგ დაიწყო.
„ადამიანის უფლებათა სახლს ამჟამად დაფარული აქვს 843, 747 ათასი ლარის ოდენობის 365 ადმინისტრაციული ჯარიმა. 2024 წლის გაზაფხულიდან დღემდე მივიღეთ 921,336.99 ლარის შემოწირულება ასეულობით ფიზიკური პირისგან. მათ შორის ბოლო ორი თვის განმავლობაში მივიღეთ “თიბისი ბანკისა” და “საქართველოს ბანკების” შემოწირულება – სულ 300,000 ლარი. ამჟამად, განაცხადი ჯარიმების დაფარვის შესახებ გაკეთებული აქვს ასამდე პირს, რომლებსაც ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, ემუქრებათ ქონების დაყადაღება“, – აცხადებს ორგანიზაცია.
ორგანიზაცია ამბობს, რომ იცვას მოქალაქეების უფლებებს, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების უფლებას და მიიჩნევს, რომ მოქმედი ადმინისტრაციული კანონმდებლობა ამჟამად ვერ უზრუნველყოფს ამ უფლებით სათანადოდ სარგებლობის შესაძლებლობას. მათი განცხადებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი პროცედურული ნაწილი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სტანდარტებს, ის შეიცავს ადამიანის უფლებებში არაპროპორციული ჩარევის საფრთხეს, ზრდის საპოლიციო თვითნებობისა და ადმინისტრაციული ჯარიმების უსაფუძვლოდ გამოყენების რისკებს.
„ორგანიზაციის ანგარიშები, რომელიც საქართველოს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე დაყადაღდა, აერთიანებდა როგორც დაჯარიმებული პირებისთვის შემოწირულებებით შეგროვებულ თანხებს, ასევე ორგანიზაციის დაგეგმილი სხვა უფლებადაცვითი საქმიანობისთვის საერთაშორისო დონორების მიერ ჩარიცხულ გრანტებს. შესაბამისად, ორგანიზაციის სერვისებს ვეღარ მიიღებენ ჩვენი სხვა ბენეფიციარებიც“, – წერია განცხადებაში.
ორგანიზაცია მოუწოდებს:
- პროკურატურას: სასწრაფოდ შეწყვიტოს გამოძიება და მოხსნას ყადაღა ორგანიზაციის ანგარიშებიდან, რათა შევძლოთ უფლებადაცვითი საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელება.
- სააპელაციო სასამართლოს: განიხილოს და გააუქმოს საქალაქო სასამართლოს უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.
„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ 2010 წელს ნორვეგიული ორგანიზაცია Human Rights House Foundation-ის მხარდაჭერით დააფუძნა ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ.