ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე EMC-მ და საია-მ გაეროში ანგარიშები წარადგინეს

პუბლიკა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (GYLA), უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მე-3 ციკლის ფარგლებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ადამიანის უფლებათა საბჭოში ორი ანგარიში წარადგინეს.

ორგანიზაციების განცხადებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მექანიზმი მიზნად ისახავს წევრ სახელმწიფოებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგსა და შემდგომ გაუმჯობესებას. მესამე ციკლის ფარგლებში საქართველოს მთავრობა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წინაშე ანგარიშს 2021 წელს წარადგენს.

„იქიდან გამომდინარე, რომ უნივერსალური პერიოდული მიმოხილვისას შემდგომი 4 წლის განმავლობაში რეკომენდაციების განსაზღვრისას ქვეყნები ეყრდნობიან არა მხოლოდ მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს, არამედ სამოქალაქო სექტორის შეფასებებსა და მოსაზრებებსაც, ამიტომ ზემოაღნიშნული ანგარიშები მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის წინაშე არსებული ობიექტური სურათის ჩვენებას”, – წერს EMC და საია.

მათი თქმით, ანგარიშები შეეხება მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავი სისტემის ინსტიტუციურ პრობლემებსა და სისხლის სამართლის სფეროში არსებულ გამოწვევებს, როგორიცაა კლანური მმართველობა სასამართლოში, იუსტიციის უმაღლესი და საპროკურორო საბჭოების, გენერალურ პროკურატურის, სახელმწიფო უშიშროების სამსახურისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინსტიტუციურ მოწყობა და მათ პრობლემურ უფლებამოსილებები, ასევე საგამოძიებო სისტემის პროკურატურისგან გამიჯვნის პრობლემა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის ადამიანის უფლებების სტანდარტებთან არათავსებადობა, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების სისხლისსამართლებრივი დასჯადობა და სხვა.

დოკუმენტები შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ ფაილში;

1 – სასამართლოსა და პროკურატურის სისტემა;

2 -საგამოძიებო სისტემის რეფორმა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის რეფორმა, აღკვეთის ღონისძიების რეფორმა, ნარკოპოლიტიკა;