ადევნებისთვის ბრალდებული პედაგოგი გირაოთი გაათავისუფლეს - პროკურატურა გაასაჩივრებს

პუბლიკა

პროკურატურა აცხადებს, რომ სააპელაციო წესით გაასაჩივრებს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, კოლეგის ადევნებისთვის ბრალდებული პედაგოგი ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ 2000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.

უწყების ცნობით, შსს-ის გამოძიების თანახმად, თერჯოლის ერთ-ერთ სოფელში საჯარო სკოლის პედაგოგი თავის კოლეგასთან სისტემატურად ამყარებდა არასამსახურებრივ და არასასურველ კომუნიკაციას.

კერძოდ, ბრალდებული დაზარალებულს დაჟინებით სთხოვდა სქესობრივ ურთიერთობას და კატეგორიული უარის მიუხედავად, მასთან დაახლოების მცდელობებს მაინც განაგრძობდა.

დაზარალებული იძულებული გახდა, მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების ჩვეული წესი და სამსახურიდან ხანგრძლივ უხელფასო შვებულებაში გასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიეღო.

სკოლის პედაგოგს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ადევნება, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა და ძალადობის გამოყენების შიში გამოიწვია) წარედგინა.

პროკურატურამ ზესტაფონის სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით – პატიმრობის გამოყენების და ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით – პატიმრობის შეფარდების და თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით მიმართა. თუმცა, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

გასაჩივრებასთან ერთად, მომხდარი ფაქტის შესწავლისა და შესაბამისი სამართლებრივი ზომების გატარების მიზნით, პროკურატურა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შესაბამის რესურსცენტრს მიმართავს.