„ადგილებიც ვიცი, სადაც მსჯელობენ და თათბირობენ“ - წულუკიანი კულტურის პოლიტიკის კრიტიკოსებზე

პუბლიკა

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი კულტურის პოლიტიკის კრიტიკოსებს უსამძიმრებს, რადგან ინფორმაცია მისი ჯანდაცვის სამინისტროში გადასვლის შესახებ სპეკულაციაა და არჩევნებამდე არსად წასვლას არ აპირებს. მის კომენტარს „პირველი არხი“ ავრცელებს.

„ჩემი განხილვა ჯანდაცვის მინისტრის პოზიციაზე არის წმინდა წყლის სპეკულაცია, ისევე როგორც არაერთ სხვა ადგილას. ასე ხდება ხოლმე, როდესაც ის ადამიანები, რომელთაც არ მოსწონთ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში რა პოლიტიკაც დღეს ტარდება, დასხდებიან ხოლმე, ადგილებიც ვიცი, სადაც მსჯელობენ და თათბირობენ. ეს ჩვენივე სისტემაში ხდება ხოლმე. ითათბირებენ და გადაწყვეტენ, რომ მალე გვეშველება, გადადის ამ და ამ სამინისტროში. მგონი, რიგით მეოთხე სამინისტროა, სადაც გამამწესეს, მაგრამ, მინდა, მივუსამძიმრო მათ, არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას. არჩევნების მერე, ალბათ, მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება, მქონდეს სათქმელი“, – განაცხადა წულუკიანმა.