„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანის, ირაკლი კობახიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ახალშეკრებილ პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენენ, რომლის მიხედვით, რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პარტიას, რომლის ლიდერი კონსტიტუციურ ცენზს არ აკმაყოფილებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია გამოეხმაურა.
„დღეს ადგილი ჰქონდა ღია შეტევას ოპოზიციაზე, არათუ კობახიძის მხრიდან, არამედ ივანიშვილის მხრიდან, ვინაიდან ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ როდესაც საუბრობს ბატონო კობახიძე, საუბრობს ბატონი ივანიშვილი.
ის, რომ ისინი აპირებენ გაუქმებას მთავარი ოპოზიციური პარტიის, აქ უკვე საკითხი ისე კი არ დგას, რომ არჩევნებს აღარ ჩავატარებთ, საერთოდ რომც ჩავატაროთ კვაზიარჩევნები, იქ უკვე მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ ვიღაც-ვიღაცებიო. როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტიის მიმართ გამოდიხართ ამ მუქარით, რომ რეგისტრაციიდან მოიხსნება, წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში აპირებს, ჩააყენოს სხვა პარტიები, რომლებიც არ ეთანხმებიან ბიძინა ივანიშვილის ძალადობრივ რეჟიმიდან წამოსულ მუქარებსა და წინადადებებს;
მან მკაფიო ხაზი გაავლო, ვინც პარლამენტში შემოხვალთ, ფულს მოგცემთ, ვინც არ შემოხვალთ, არ მოგცემთ… მე ვფიქრობ, საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რას ვაპროტესტებთ ერთი თვის განმავლობაში“, – განაცხადა ნიკა მელიამ.