„ადგილობრივი კანტორა და ოფისმენეჯერები“ - რიჟვაძის შეფასება TI-ის კვლევაზე

პუბლიკა

„ეს ის ორგანიზაციაა ხომ, რაღაც ადგილობრივი კანტორა რომ აქვთ აქ გახსნილი და ოფისმენეჯერები რომ იკვლევენ და იურიდიულ დასკვნებს აკეთებენ, ალბათ, მაგათზე მეკითხებით ხომ?“, – ასე უპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ორგანიზაციის კვლევის შესახებ დასმულ შეკითხვას.

ჟურნალისტმა თორნიკე რიჟვაძეს უთხრა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საკმაოდ წონადი არასამთავრობო ორგანიზაციაა“, – რაზეც რიჟვაძემ უპასუხა: „ეს შეფასებაა თქვენი თუ თქვენი მეგობრული დამოკიდებულება?“

აჭარის მთავრობის მეთაურის განცხადებით, არც დისკრიმინაციული და არც პრივილეგირებული მიდგომა კვლევაში აღნიშნული კომპანიების მიმართ არ ყოფილა, ამას კი სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაცია დაადასტურებს.

„მე გეტყვით, რომ აჭარაში მაგ დასკვნებს აკეთებს ჩვეულებრივი ოფისმენეჯერები.

შედიან იურიდიულ, ეკონომიკურ, დისციპლინურ  საკითხებში, რომლის აბსოლუტურ წარმოდგენაში არ არიან.

რაც შეეხება TCF-ს, რაც შეეხება მეორე დასახელებულ კონკრეტულ პროექტს, შეგიძლიათ გამოითხოვოთ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც ამტკიცებს, რომ არც დისკრიმინაციული და არც პრივილეგირებული მიდგომა არც ერთ კომპანიასთან მიმართებაში არ ყოფილა“, – განაცხადა რიჟვაძემ.


„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“(TI) აჭარაში 2019 წელს განხორციელებული ინვესტიციების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. ორგანიზაციამ შეისწავლა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, მათ შორის სიმბოლურ ფასად (1 ლარად), პირობიანი და უპირობო აუქციონით გასხვისებული ქონების მესაკუთრეები, პრივატიზაციის საფასური და ინვესტიციების მოცულობა.