„ადგილობრივი მოსახლეობა ამ ბრძოლაში მარტო არაა" - აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ნამახვანჰესზე

პუბლიკა

„ადგილობრივი მოსახლეობა ამ ბრძოლაში მარტო არ არის”, – უმაღლესი სასწავლებლებისა და კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლები ნამახვაჰესის მოწინააღმდეგეთა საპოლიციო ძალის გამოყენებით დაშლის შესახებ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებას ამ დროისთვის ხელს 100-ზე მეტი წარმომადგენელი აწერს. ხელმომწერთა სიას მსურველები ელექტრონულად ემატებიან. გთავაზობთ მათ განცხადებას:

„ქვეყანაში, ერთი მხრივ, პანდემია მძვინვარებს, მეორე მხრივ კი, საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, მედიასივრცე მთლიანად გადართულია სუსტი საზოგადოებრივი ლეგიტიმაციისა და პოლიტიკური მიზანშეწონილობის მქონე სანახაობაზე. სწორედ, ამ დროს, მორიგი აღმაშფოთებელი პოლიციური ძალადობის მომსწრენი გავხდით. 14 ნოემბერს, სოფელ ჟონეთში, მრავალთვიანი გაფიცვის შემდეგ დაარბიეს ნამახვანისა და ონის ჰესების წინააღმდეგ მებრძოლი ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა საკუთარი სხეულით იცავს რიონის მისადგომებს და ინვესტორების მიერ გამოგზავნილ ტექნიკას ტერიტორიაზე შესვლის უფლებას არ აძლევს.

გვსურს, სოფელ ჟონეთში დარბეულ მებრძოლ ადგილობრივებს და ასევე ბუნებისა და საარსებო გარემოს განადგურების წინააღმდეგ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაერთიანებულ ადამიანებს ვუთხრათ, რომ ისინი ამ ბრძოლაში მარტონი არ არიან. ვიმედოვნებთ, რომ როგორც რიონის ხეობის გადარჩენისთვის მებრძოლთა, ისე სვანეთში, გურიაში, პანკისში, აჭარაში, გუდამაყარსა თუ ქართლში აღძრულ თემთა პროტესტი კიდევ უფრო მეტ ძალას მოიკრებს და კიდევ უფრო მჭიდროდ შეკრავს ერთობას.

დაე, მალე დადგეს დრო, როცა სწორედ ეს ერთობა იქნება ქვეყნის საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესებისა და პრიორიტეტების მთავარი განმსაზღვრელი. დღევანდელი მდგომარეობით, წამყვანი მედიასაშუალებები, პოლიტიკური ელიტები და სახელმწიფოს სამართალაღმსრულებელი ორგანოები ამ სახალხო ტენდენციას ნებსით თუ უნებლიედ, წაყრუებით თუ ძალმომრეობით, უგულებელყოფენ და ამით მსხვილი ეკონომიკური კაპიტალისა და კერძო ინტერესების მქონე ჯგუფებთან პირდაპირ თუ ირიბ თანამზრახველობასაც ამჟღავნებენ.

მაგრამ, ყალბი პოლარიზაციისა და მედია სანახაობის მიღმა, თუ რაიმე იძლევა იმედს, რომ საქართველოს ზოგადად მომავალი უწერია, სწორედ ეს ჭეშმარიტად სახალხო ბრძოლებია, რომლებშიც ადამიანები, შიშველი ხელებით, საკუთარი ზნეობრივი სიმტკიცისა და რწმენის ანაბარა, ცდილობენ შეაჩერონ წინსვლის, განვითარებისა და უსაფრთხოების სახელით შემოსაღებული განადგურების მანქანა.

მდინარე რიონზე დაგეგმილი ჰიდროენერგეტიკული პროექტები და მათთან დაკავშირებული სამოქალაქო უკმაყოფილება არც პირველია და არც რამე ცალკე მდგომი მოვლენა. წინა ხელისუფლებიდან მოყოლებული, ქართული სახელმწიფო, მოკლევადიანი ფინანსური სტიმულის მისაღებად, განუხრელად ადგას ჰიდრორესურსების ათვისების გაუაზრებელ, აგრესიულ პოლიტიკას. რიონის ხეობაში ქაოტურად დაგეგმილი ჰიდროენერგეტიკული პროექტები და მათი მშენებლობის წინააღმდეგ მებრძოლი მოქალაქეებისადმი სახელმწიფოსა და კერძო ინვესტორთა მოპყრობა კიდევ ერთხელ აშიშვლებს ამ პოლიტიკის ყოველმხრივ მანკიერებას.

ის განადგურებას უქადის ბუნებას. თავსმოხვეული რიტორიკის საპირისპიროდ, დაგეგმილი პროექტები სრულიად არადამაჯერებელი და გაუმჭირვალეა, როგორც საჯარო ეკონომიკური სარგებლის, ისე ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის თვალსაზრისით. წარმოდგენილი პროექტები, როგორც წესი, მეცნიერულად დაუსაბუთებელია და, ხშირად, დასაბუთებულ მეცნიერულ (სეისმოლოგიურ, გეოლოგიურ, ეკონომიკურ და სხვ.) კრიტიკას აგრესიულად უგულებელყოფს კიდეც. სამართლებრივად გაუმართავია პროექტების განხორციელების პროცესიც, რადგან სახელმწიფოს წახალისებით, კომპანია სათანადო კვლევების ჩატარების გარეშე, არასრულფასოვანი დოკუმენტაციისა და მიმდინარე სასამართლო დავის პირობებში უკანონოდ იწყებს მშენებლობას. და რაც მთავარია, სახელმწიფოს ეს პოლიტიკა ფეხქვეშ თელავს ადამიანთა პოლიტიკურ-სამოქალაქო ღირსებასა და საცხოვრებელ და სულიერ გარემოს.

ადგილობრივებს, ბუნებასთან უშუალო შეხებისა და დაკვირვების შედეგად, საკუთარი სასიცოცხლო გარემოს შესახებ ღრმა ცოდნა ჩამოუყალიბდათ. ისინი, მხარდამჭერ სპეციალისტებთან ერთად, დასაბუთებული მეცნიერული კრიტიკით ეკამათებიან სახელმწიფოს. ისინი საუბრობენ იმაზე, რომ რეგიონში არსებული სეისმური საფრთხე, რომლის ტრავმატული გამოცდილებაც არსებობს ახლო წარსულში, დასავლეთ საქართველოს მთელი რიგი მუნიციპალიტეტების დატბორვის წინაპირობა შეიძლება გახდეს; საფრთხე ემუქრებათ ადგილობრივი და უნიკალური ვაზის ჯიშებს და ამ ჯიშებით წარმოებულ ღვინოს, ჰესების შედეგად წარმოქმნილი ტენიანობისა და ნიადაგის ცვლილებების გამო. თუმცა, არც ინვესტორს და არც სახელმწიფოს არ სურს ადგილობრივებთან და მიუკერძოებელ სპეციალისტებთან საგნობრივ კამათში შესვლა და ძალის გამოყენებით ცდილობს მათი უკმაყოფილების ჩახშობას.

ჩვენი ღრმა რწმენით, დღეს საქართველოს ბედი წყდება სწორედ იმ ბრძოლებში, რომლებიც ზემოხსენებული პოლიტიკის წინააღმდეგ მიმდინარეობს საქართველოს განაპირა რეგიონებში. საკუთარი გარემოს, მიწის, ბუნებრივი რესურსების, ღირსებისა და კულტურული თვითმყოფადობის დასაცავად მებრძოლი ადგილობრივი თემები დღეს დემოკრატიული თვითორგანიზებისა და სოლიდარობის უნიკალურ მაგალითს იძლევიან. სწორედ ისინი არიან დღეს საჯარო ინტერესზე, სოციალურ სამართლიანობასა და მდგრად მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკის შემოქმედები. “პოლიტიკა“, ამ შემთხვევაში, გულისხმობს არა პარტიული ქიშპობებისა თუ უშუალოდ ხელისუფლების რომელიმე შტოს წარმომადგენელთა ქმედებებს, არამედ პოლიტიკას, როგორც სივრცეს, რომელშიც სახელმწიფოს უკლებლივ ყველა მოქალაქესდა არა მხოლოდ ვითომდაპროფესიონალპოლიტიკოსებსშესწევს უნარი, იყოს საერთო სიკეთისთვის მოქმედი საჯარო ადამიანი.

მივმართავთ დანარჩენ საზოგადოებას, მეტი სიფხიზლითა და მგრძნობელობით ადევნოს თვალყური რიონზე დაგეგმილი ჰესების მშენებლობას, მის გარშემო წარმოქმნილ სამოქალაქო მოძრაობას და საქართველოს სხვა კუთხეებში მოქმედ სხვა მსგავს მოძრაობებს. პოლიტიკური ბრძოლის ხაზი დღეს სწორედ ასეთ ადგილებზე გადის.

მივმართავთ სახელმწიფოს, შეეშვას საკუთარ ხალხთან ძალის ენაზე საუბარს და ძირეულად გადაიაზროს თავისი გაუაზრებელი ენერგო-პოლიტიკა. ხოლო, უშუალოდ რაჭა-ლეჩხუმში დაგეგმილი ჰესების გარშემო განვითარებულ მოვლენებს რაც შეეხება, ჯერაც გადაუწყვეტელი სასამართლო დავისა და რიონზე დაწყებული მშენებლობის აშკარა უკანონობის პირობებში, სახელმწიფო გამოვიდეს ინვესტორის კერძო ინტერესის ლობისტის როლიდან და განუხრელად შეასრულოს ადგილობრივთა მოთხოვნები: მათთან მოსალაპარაკებლად მივიდნენ სახელმწიფოს წარმომადგენლები და არა – პოლიცია; კომპანიამ, თავის მხრივ, წარმოადგინოს ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გაერთიანებული დასკვნა (სამივე ჰესის თაობაზე), მანამდე კი შეწყდეს ყოველგვარი სამუშაო.

  • კატეგორიულად დასაგმობია, რომ სახელმწიფო სარგებლობს პანდემიის შედეგად გადაადგილებისა და შეკრებისთვის შექმნილი არახელსაყრელი პირობებით. ამ დროს, ის საჯარო განხილვის გარეშე ან საჯარო განხილვის სიმულაციის საფუძველზე ამტკიცებს უმნიშვნელოვანეს ჰიდროენერგეტიკულ პროექტებს. სახელმწიფოს ენერგოპოლიტიკა ვერ იქნებაიდუმალიცოდნით აღჭურვილ ტექნოკრატექსპერტთაექსკლუზივი. ის უნდა იყოს ფართო გაგებით საჯარო განსჯის საგანი, რაშიც თავის წვლილს შეიტანს როგორც გეოლოგთა, სეისმოლოგთა და ეკოლოგთა შეფასება, ისე ჰუმანიტარულ და საზოგადოებრივ მეცნიერებათა წარმომადგენლების და ადგილობრივი მოსახლეობის აღქმები და ანალიზიც. მხოლოდ ასე თუ მოხერხდება, უფრო მრავალწახნაგოვნად გავიაზროთ რიონის ხეობასთან დაკავშირებული პროექტები და ადამიანებსა და ბუნებაზე მათი მრავალმხრივი ზემოქმედება. ეს მრავალმხრივი გააზრება შეუწყობს ხელს იმასაც, რომ კავშირები გაიბას ლეჩხუმელთა ამ ერთ ბრძოლასა და საქართველოს სხვა რეგიონებში წარმოებულ ბრძოლებს შორის და დაიძრას სოლიდარობა, რომელსაც საერთო ინტერესის შეცნობის საფუძველზე ამ ბრძოლებს გამოუცხადებენ სხვა საკითხების გარშემო ორგანიზებული აქტივისტური ჯგუფები საქართველოს დედაქალაქიდან, რაიონული ცენტრებიდან თუ სოფლებიდან.

მსგავსიმრავალხმიანისაჯაროობა გულისხმობს, დაისვას სახელმწიფოსთვის ყველაზე უფრო უხერხული ძირეული შეკითხვები. მსოფლიოს უამრავი რეგიონის მაგალითი გვაჩვენებს, რომ ქართული სახელმწიფოს მიერ დაგეგმილ პროექტთა მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების სარგებელი და უარყოფითი შედეგები ძალზედ არათანაბრად ნაწილდება, გეოგრაფიულადაც და სოციალურადაც. როგორც ადგილობრივმა მოსახლეობამ, ისე საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, კონკრეტულად რა სახის სარგებელი მოაქვს რიონის ხეობაში (და სხვაგან) დაგეგმილ youინფრასტრუქტურულ პროექტებსმაშინ, როცა სახეზე მხოლოდ ზიანია და, მიუკერძოებელ სპეციალისტთა გათვლებით, ამ პროექტების შედეგები სარგებლის ნაცვლად, პირიქით, მხოლოდ დამატებით ხარჯებსა და ვალებსაც კი გვიქადის.

პასუხი უნდა გაეცეს შეკითხვას, კონკრეტულად ვისთვის და რა მხრივ იქნება ამგვარი პროექტები სასარგებლო? ვისი გადასახდელი იქნება მათი ეკონომიური ხარჯები? ვინ იწვნევს ბუნებრივი და სულიერი გარემოსთვის მიყენებულ ზიანს? ღირს კი “განვითარებად“ შემოსაღებული ეს გზა ამდენ მსხვერპლად? ან და საერთოდ რატომ უნდა დგებოდეს საკითხი ისე, თითქოს „განვითარებას“ აუცილებლად ვინმეს ან რამის მსხვერპლად შეწირვა სჭირდებოდეს? ვის ინტერესშია საკითხის ამგვარად დასმა?

ამ კითხვებს ყველამ ერთად უნდა გავცეთ პასუხი”, – წერია მათ განცხადებაში.