საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტი გამოავლინეს.
როგორც საგამოძიებო სამსახური წერს, ქვემო ქართლში რამდენიმე ადგილას ბრალდებულებს ჰქონდათ სამკერვალოები, სადაც Adidas-ისა და Nike-ს ნიშნით ამზადებდნენ მამაკაცისა და ქალის სპორტულ ტანსაცმელს, რომელსაც შემდეგ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტზე ყიდდნენ.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ქვემო ქართლის რეგიონში, 3 ლოკაციაზე, ბრალდებულებს მოწყობილი ჰქონდათ სამკერვალოები, სადაც, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღებისა და საქონლის გასაღების გაადვილების მიზნით, Adidas-ისა და Nike-ის სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების გზით, ამზადებდნენ მამაკაცისა და ქალის სპორტულ ტანსაცმელს, რომლის რეალიზაციასაც ახდენდნენ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტზე.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული 641 ცალი Adidas-ის და Nike-ის სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული ტანსაცმელი, ასევე ხსენებული ბრენდების დიდი ოდენობით სასაქონლო ნიშანი, რომელიც განკუთვნილი იყო კონტრაფაქციული საქონლის დასამზადებლად“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.