ადიქტოლოგთა ასოციაცია მოუწოდებს „ოცნებას", შეაჩეროს დესტრუქციული რეფორმა

პუბლიკა

საქართველოს ადიქტოლოგთა ასოციაცია ეხმაურება ნარკოკანონმდებლობის მიმართულებით ბოლოდროინდელ, დასჯაზე ორიენტირებული ცვლილებებს და გამოხატავს შეშფოთებას აღნიშნულის გამო.

მათი თქმით, ისტორიულმა გამოცდილებამ მრავალ ქვეყანაში აჩვენა, რომ რეპრესიული ნარკოპოლიტიკა არ არის ეფექტური ნარკოტიკების მოხმარების შემცირების თვალსაზრისით. მიუხედავად მკაცრი სასჯელებისა და დასჯაზე ორიენტირებული მიდგომებისა, მსოფლიოს ვერცერთ ქვეყანაში ამ გზით ვერ მოხერხდა მომხმარებელთა რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება.

გთავაზობთ განცხადებას სრულად:

„რეფორმის ავტორები ქვეყანაში არსებულ ნარკოვითარებას ხსნიან „ლიბერალური ნარკოპოლიტიკის მძიმე შედეგებით”. ამის საპასუხოდ, თავს ვალდებულად ვთვლით, მივუთითოთ შემდეგზე:

1) სინამდვილეში, საქართველოს ნარკოპოლიტიკა არასდროს ყოფილა ლიბერალური. საქართველოს ნარკოპოლიტიკა, საბჭოთა ინერციით, ტრადიციულად იყო და არის დამსჯელობითი.

2) საქართველოში არსებული ნარკოვითარების მიზეზები შემდეგია:

– ქვეყანაში არასაკმარისად არის განვითარებული და ფინანსურად ხელმიუწვდომელია წამალდამოკიდებულებისა და თამაშდამოკიდებულების მკურნალობა-რეაბილიტაციისა და მტკიცებულებითი პრევენციის შესაძლებლობები, რის გარეშეც ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობელემების მოგვარება შეუძლებელია;

– ქვეყანაში არ არსებობს დეპრესიის, შფოთვითი აშლილობების, პოსტტრავმული სტრესული აშლილობის და ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა გავრცელებული პრობლემების სამკურნალო და პრევენციული უფასო სერვისები. ეს მაშინ, როცა გავრცელებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ნარკოტიკების მოხმარების ერთ-ერთი წამყვანი რისკის ფაქტორია;

– სიღარიბის გამო (რაც, ასევე, ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებისა და აზარტული თამაშის რისკის ფაქტორია), საქართელოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ხელმიუწვდომელია წამალდამოკიდებულების თავიდან აცილებისთვის ისეთი მნიშვნელოვანი დაცვითი ფაქტორი, როგორიცაა ცხოვრების ჯანსაღი წესი: ჯანსაღი და საკმარისი კვება, ჯანსაღი დღის რეჟიმი, ფიზიკური კულტურა და ა.შ.;

– ქვეყანაში არსებული უმუშევრობის გამო მშობლების ნაწილი იძულებულია დატოვოს ქვეყანა (ან, დაბალანაზღაურებიანი დროებითი სამუშაოს მუდმივ ძიებაში იყოს), რათა ოჯახები არჩინონ, და შვილები, ფაქტობრივად, ერთი ან ორივე მშობლის გარეშე, დისფუნქციურ ოჯახურ გარემოში იზრდებიან, რაც ასევე ფსიქოაქტიური საშუალებების მოხმარებისა და აზარტული თამაშის მაღალი რისკის ფაქტორია;

– ქვეყანაში მაღალია მოსახლეობის მიერ ალკოჰოლის პრობლემური მოხმარება. თუ ქვეყნის გენოფონდის განადგურებაზე ვსაუბრობთ – სამეცნიერო მტკიცებულების თანახმად, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხელყოფის თვალსაზრისით ალკოჰოლისა და თამბაქოს მიერ მიყენებული ზარალი ათჯერ და მეტჯერ აღემატება არალეგალური ნარკოტიკული საშუალებებით მიყენებულ ზარალს;

ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი წამალდამოკიდებულებისა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების რისკის ფაქტორებია. სწორედ ამის გამოა ჩვენს ქვეყანაში არასაკმარისად კარგი ნარკოვითარება, და არა „ლიბერალური ნარკოპოლიტიკის” გამო, რომელსაც ადგილი ჩვენს ქვეყანაში არასდროს ჰქონია.

3) ინიცირებული რეფორმა არ ითვალისწინებს სამეცნიერო მტკიცებულებასა და არ ემყარება პროფესიულ ცოდნას:

– ნარკოკანონმდებლობის რეფორმა ინიცირებულია არა პროფესიულ თემთან თანამშრომლობითა და შესაბამისად, პროფესიული ცოდნის გათვალისწინებით, არამედ პოლიტიკოსების მიერ, ვისაც არა აქვთ და არც მოეთხოვებათ რომ ჰქონდეთ სათანადო მომზადება, რათა ნარკოპოლიტიკა დაგეგმონ.

– რეფორმის ავტორები გამოსავალს, პრევენციის თვალსაზრისით, „ანტინარკოტიკულ და ცხოვრების ჯანსაღი წესის კამპანიებში” ხედავენ. სამეცნიერო მტკიცებულებები კი გვიჩვენებს, რომ ანტინარკოტიკული კამპანიები ნარკოტიკების მოხმარების პრევენციის საქმეში არაეფექტურია კარგ შემთხვევაში, ხოლო ცუდ შემთხვევაში ნარკოტიკების მოხმარების პოპულარიზაციას ახდენს.

– საქართველოში არაერთი შემთხვევაა პოლიტიკოსების მიერ ნარკოტიკების თემის პიარ (PR) სტრატეგიად გამოყენებისა. მნიშვნელოვანია, რომ ეს არაეთიკური პრაქტიკა შეწყდეს და აღარ განმეორდეს.

– რეფორმის ავტორები მკურნალობის თვალსაზრისით გამოსავალს მკურნალობის იძულებაში ხედავენ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ინიციატივა ეფუძნება მოძველებულ და მახინჯ პრაქტიკებს, რომლებიც საბჭოთა იდეოლოგიიდან მოდის, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს და თანამედროვე სამედიცინო ეთიკას. ასეთი მიდგომა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სახელმწიფო კვლავ ხელს უწყობს სტიგმის გაღრმავებას და არა ზიანის შემცირებას.

– სამეცნიერო მტკიცებულების თანახმად, ეფექტური და მდგრადი შედეგის მისაღწევად მკურნალობა უნდა იყოს დაფუძნებული პაციენტის ნებაზე, ნდობასა და მოტივაციაზე – და არა კონტროლსა და რეპრესიაზე.

4) რას ნიშნავს ეფექტური ნარკოპოლიტიკა და როგორია არაეფექტური ნარკოპოლიტიკა:

– პროფესიულ ლიტერატურაში უხვად არის აღწერილი ნარკოპოლიტიკის ეფექტური რეფორმები სხვადასხვა ქვეყანაში, და ნაჩვენებია, რომ დასჯითი მიდგომის საპირისპიროდ პრევენციასა და ზრუნვაზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვას ამ ქვეყნებში ნარკოვითარების გაუმჯობესება მოყვა;

– ეფექტური ნარკოპოლიტიკა ემყარება შემდეგ ოთხ კომპონენტს: მტკიცებულებითი პრევენცია (და არა არამტკიცებულებითი ანტინარკოტიკული კამპანიები), ხარისხიანი და ფინანსურად, გეოგრაფიულად და ასაკობრივად ხელმისაწვდომი მკურნალობა-რეაბილიტაცია, ზიანის შემცირება და მოწოდების შემცირება. ეს ოთხი მიმართულება უნდა იყოს ურთიერთშემავსებელი და დაბალანსებული;

– მხოლოდ მიწოდების შემცირება და მკურნალობის იძულება დადებით შედეგს ვერ გამოიღებს. მითუმეტეს, რომ ხარისხიანი მკურნალობა-რეაბილიტაციის შესაძლებლობები (რომელსაც 3-5 წელი ესაჭიროება) ჩვენს ქვეყანაში ხელმისაწვდომი არ არის და მათი განვითარება უაღრესად ნელი ტემპით მიმდინარეობს;

– ისტორიულმა გამოცდილებამ მრავალ ქვეყანაში აჩვენა, რომ რეპრესიული ნარკოპოლიტიკა არ არის ეფექტური ნარკოტიკების მოხმარების შემცირების თვალსაზრისით. მიუხედავად მკაცრი სასჯელებისა და დასჯაზე ორიენტირებული მიდგომებისა, მსოფლიოს ვერცერთ ქვეყანაში ამ გზით ვერ მოხერხდა მომხმარებელთა რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება;

– რეპრესიული ნარკოპოლიტიკა ხშირად იწვევს ნარკოტიკების მოხმარების გადასვლას მიწისქვეშა სივრცეში, სადაც ადამიანები მოკლებულნი არიან ჯანმრთელობის სერვისებსა და უსაფრთხო გარემოს. ასეთ პირობებში იზრდება ნარკოტიკებთან დაკავშირებული სიკვდილიანობა, სისხლით გადამდები დაავადებების გავრცელება, და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის სხვა სავალალო შედეგები;

– რეპრესიული ნარკოპოლიტიკის სავალალო შედეგების თვალსაჩინო მაგალითია რუსეთი, სადაც როგორც წამალდამოკიდებულების, ასევე აივ ინფექცია/შიდსის გავრცელება ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში – სწორედ დამსჯელობითი ნარკოპოლიტიკის გამო.

– ქვეყნებმა, რომლებმაც ნარკოპოლიტიკა ჯანდაცვისა და ზიანის შემცირების პრინციპებზე გადააწყვეს, გაცილებით უკეთეს შედეგებს მიაღწიეს, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესების, ისე ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის შემცირების თვალსაზრისით.

5) რას ნიშნავს ის, რომ ახალი ნარკოკანონმდებლობით ადამიანს არ შეეძლება უარის თქმა ქუჩის ნარკოტესტირებაზე:

– განსაკუთრებით შემაშფოთებელია ქუჩის ნარკოტესტირების გამკაცრება, რომელიც არა მხოლოდ ნარკოტიკების მომხმარებელთა, არამედ მთელი ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის დაკანონების საფუძველი გახდება;

– ამის დასტურად საკმარისია ის ფაქტი, რომ კვლევის თანახმად, ქუჩის ნარკოტესტირების სიხშირის მრუდი ჩვენ ქვეყანაში მიყვება საარჩევნო ციკლს – წინასაარჩევნოდ ის მცირდება, ხოლო არჩევნების შემდგომ მნიშვნელოვნად იზრდება;

– ნარკოტესტირების სისტემის ამოქმედება, როგორც ის წარმოდგენილია საკანონმდებლო ცვლილებებში, არ ემსახურება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზანს და არც ზრუნვის პოლიტიკას. ჩნდება საფუძვლიანი მოლოდინი, რომ იგი გამოყენებული იქნება როგორც ადამიანებზე კონტროლის გამკაცრების ინსტრუმენტი;

– იძულებითი ტესტირება, სანქციების მუქარა და ტესტირების შედეგების გამოყენება ადამიანებისთვის უფლებების შეზღუდვის საფუძვლად ემსახურება არა დახმარებას, არამედ დასჯასა და დამორჩილებას. ასეთი მიდგომა კიდევ უფრო აძლიერებს სტიგმასა და შიშზე დაფუძნებულ გარემოს, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის სტანდარტებს.

საკანონმდებლო ცვლილებების შინაარსი აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ოფიციალურად მიღებულ და ძალაში მყოფ ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენციის 2021–2026 წლების ეროვნულ სტრატეგიას და ნარკოპოლიტიკის 2023–2030 წლების ეროვნულ სტრატეგიას. ორივე სტრატეგიული დოკუმენტი ხაზს უსვამს ზრუნვაზე, ადამიანის უფლებებზე და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მიდგომებს, მაშინ როცა შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები გადახრილია ამ მიმართულებებისგან და უბრუნდება რეპრესიულ და არაეფექტურ პრაქტიკებს.

ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე, ჩვენი პროფესიული საზოგადოების სახელით, მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რომ შეაჩერონ დაგეგმილი დესტრუქციული რეფორმა, რათა არ დაგვაბრუნონ საბჭოთა დამსჯელობით კორუმპირებულ ნარკოპოლიტიკის ნიშნულთან და თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი კატასტროფული შედეგები საზოგადოების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის თვალსაზრისით”, – ნათქვამია განცხადებაში.