დიდ ბრიტანეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კელინის თქმით, რუსეთი მზად არის უკრაინის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ არ დათანხმდება საომარი მოქმედებების მოკლევადიან შეწყვეტას.
Sky News-თან ინტერვიუში კელინმა ცეცხლის დროებითი შეწყვეტის იდეას „სიგიჟე” უწოდა.
საქმე ეხება ემანუელ მაკრონის იდეას შეზღუდული ზავის შესახებ – საფრანგეთის პრეზიდენტმა Le Figaro-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ეს იდეა მან გასულ კვირას ლონდონში ევროპელი ლიდერების სამიტზე წარმოადგინა.
კერძოდ, მაკრონის თქმით, მისი იდეა მოიცავს ოთხკვირიან ზავს „ჰაერში, ზღვასა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე”. ზავი არ მოიცავს სახმელეთო ბრძოლას ფრონტის ხაზის გასწვრივ უკრაინის აღმოსავლეთში. მაკრონის ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„ჩვენ ამას არასდროს მივიღებთ და მათ ეს ძალიან კარგად იციან. ჩვენ მხოლოდ [კონფლიქტის მოგვარების] საბოლოო ვერსიას დავთანხმდებით. მანამდე სიტუაცია არასტაბილური იქნება”. – ამბობს ანდრეი კელინი.
რუსეთის ელჩმა ასევე თქვა, რომ რუსეთი არ დათანხმდება ბრიტანული და ფრანგული ჯარების ყოფნას უკრაინაში.
მისი განცხადებით, „რუსეთი ცდილობს, კონფლიქტი ბრძოლის ველზე მოაგვაროს მანამ, სანამ ამერიკის ადმინისტრაცია რამე კონსტრუქციულს არ შესთავაზებს”.
„ჩვენ გვჭირდება ახალი უკრაინა ნეიტრალური და არაბირთვული სახელმწიფოს სტატუსით. სიტუაცია ტერიტორიების კუთხით უნდა იყოს აღიარებული. ეს ტერიტორიები შეტანილია ჩვენს კონსტიტუციაში და ჩვენ გავაგრძელებთ იმის დაჟინებით მოთხოვნას, რომ უკრაინის მთავრობის ყველა ძალამ დატოვოს ეს ტერიტორიები”. – ამბობს ანდრეი კელინი.
რაც შეეხება დონალდ ტრამპის ინიციატივებს ომის დასრულებასთან დაკავშირებით, რუსეთის ელჩი ამბობს, რომ „არაფერი უკვირს – იცის ისტორია და ამით ძალიან განსხვავდება ევროპელი ლიდერებისგან”.
მისივე თქმით, „ბრიტანეთი ახლა წინა პლანზეა იმათ შორის, ვინც წინააღმდეგობას უწევს სწრაფ სამშვიდობო შეთანხმებას”.
„მესმის, რომ საფრანგეთს სურს, იყოს ამ მოძრაობის ლიდერი ევროპაში, ბრიტანეთს ასევე სურს, იყოს ლიდერი, გერმანიას ასევე სურს, წამყვანი როლი ითამაშოს გადაიარაღების მცდელობებში, პოლიტიკურ პროცესში. თუ მათ ნამდვილად სურთ, მიიღონ ეს სულელური გადაწყვეტილება ევროპის გადაიარაღებაზე, რას აპირებენ ისინი ყველა ამ „სათამაშოებთან“, როდესაც კონფლიქტი დასრულდება? – ისინი უბრალოდ ისხდებიან თავიანთ ჭურვებსა და სხვა ზედმეტ იარაღზე. დაე, ასე იყოს, ეს ჩვენი საქმე არ არის”.