ადვოკატი: ECHR-ის გადაწყვეტილებით, მთავრობას მიხეილ კალანდიასთან შეთანხმების წინადადება მიეცა

პუბლიკა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გუშინ, 22 ნოემბერს საქმეზე „კალანდია საქართველოს წინააღმდეგ“ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს მთავრობას მიეცეს კალანდიასთან შეთანხმების წინადადება 2024 წლის 14 თებერვლამდე – ამის შესახებ კალანდიას ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ „პუბლიკას” განუცხადა.

ადვოკატის თქმით, თუ აღნიშნულ ვადაში მხარეები ვერ მორიგდებიან, სასამართლო გადავა მე-3 ეტაპზე, რაც, ადვოკატის თქმით, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მთავრობამ პასუხები უნდა გასცეს ევროსასამართლოს კონკრეტულ კითხვებს.

ადვოკატი ამბობს, რომ ევროსასამართლოში მიუთითებდნენ საქმეზე სამი მუხლით დარღვევაზე. პირველი დარღვევა გულისხმობდა სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფის უფლების დარღვევას, მეორე, კალანდიას წინასწარ, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე დამნაშავედ გამოცხადებას, მისი თქმით, ასე მოიქცა პარლამენტში შექმნილი კომისია, მესამე – დაცვის უფლებების დარღვევა, ზურაბ თოდუას თქმით, ბრალდებულს არ მიეცა შესაძლებლობა, გამოეკითხა მის წინააღმდეგ ჩვენების მიმცემი პირები.

ადვოკატის თქმით, მე-3 ეტაპზე, საქართველოს მთავრობამ უნდა გასცეს სასამართლოს შემდეგ კითხვებს პასუხი – იყო თუ არა განმცხადებელი(დაცვის მხარე) უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლო უფლებით, მიეცა თუ არა დაცვის მხარეს იმ მოწმეების დაკითხვა, რომლებიც კალანდიას წინააღმდეგ აძლევდნენ ჩვენებენს, იყო თუ არა პარლამენტში შექმილი საგამოძიებო კომისია ობიექტური და მიუკერძოებელი.

კალანდიას ადვოკატი ამბობს, რომ კალანდიას საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი მოსამართლეებმა პოლიტიკური ძალების ზეგავლენის შედეგად გამოიტანეს.

მიხეილ კალანდიას სასამართლოს სამივე ინსტანციის მიერ 11 წელითა და 3 თვის ვადით აქვს პატიმრობა მისჯილი, მას ბრალად დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობა ედება.