ადრეული განათლების სპეციალისტები და ფსიქოლოგები - ძალადობის ნებისმიერი ფორმა გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ბავშვების განვითარებას

პუბლიკა

ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები, ადრეული განათლების სპეციალისტები  და ფსიქოლოგები საერთო განცხადებით ეხმაურებიან 24 იანვარს გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ჩანს ერთ-ერთი ბაღის აღმზრდელი მცირეწლოვან ბავშვებს უყვირის და ღირსების შემლახავად ეპყრობა.

ვიდეოს ავტორი მშობელი წერს, რომ არსებობს აღმზრდელის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შემთხვევაც.

მათი შეფასებით, აღმზრდელის ქცევა, ფსიქოლოგიური და ემოციური ძალადობა, ლახავს ბავშვის, როგორც ადამიანის, პიროვნების ღირსებას და კატასტროფულად მოქმედებს მის განვითარებასა და კეთილდღეობაზე.

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ მომხდარის შესახებ ინფორმირებულია საბავშო ბაღის ადმინისტრაცია, თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო, თუმცა მათ მიერ არანაირი ქმედება არ განხორციელებულა, რაც შოკისმომგვრელი არაკომპეტენტურობის და სამსახურებრივი გულგრილობის მანიშნებელია.

ბავშვების უსაფრთხოება და ღირსება ყოველთვის პირველ ადგილზეა და მათი დაცვის ნებისმიერი წარუმატებლობა არის სისტემის წარუმატებლობა.

მოძალადე აღმზრდელი განაგრძობს პროფესიულ საქმიანობას, რაც დაუშვებელია, რადგან ის წარმოადგენს საფრთხეს ბავშვების ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისათვის. ძალადობის ნეგატიური გავლენა, იქნება ეს ფიზიკური თუ სიტყვიერი, მცირეწლოვან ბავშვებზე, გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ბავშვების ემოციურ, სოციალური და კოგნიტურ განვითარებას.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პასუხისმგებელ უწყებას, მიიღონ დაუყონებლივი და გადამწყვეტი ზომები ამ ინციდენტის გამოსაძიებლად. ბავშვებთან მუშაობის უფლება არ უნდა მიეცეს როგორც ძალადობის განმხორციელებელ, ასევე ძალადობის დამფარავ პირებს“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

ნინო ცინცაძე – ასოცირებული პროფესორი, ბავშვის განვითარების ინსტიტუტის დირექტორი

ხათუნა დოლიძე – ასოცირებული პროფესორი, ადრეული განათლების პროგრამის ხელმძღვანელი

ცირა ბარქაია – ადრეული განათლების სპეციალისტი, ფსიქილოგი

ლიკა ქურციკიძე – ფსიქოლოგი, ადრეული და ინკლუზიური განათლების სპეციალისტი

თეკლე კაპანაძე – ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტი

თამარა ჩაკვეტაძე – ადრეული გარე განათლების სპეციალისტი, ტყის პედაგოგიკის საერთაშორისო პრაქტიკოსი

ნინო ჯიჯავაძე – ადრეული განათლების სპეციალისტი

მაია ნასრაშვილი – „კივიტას გეორგიკას” პრეზიდენტი

გიორგი მესხიძე – „კივიტას გეორგიკას” დამფუძნებელი