ადვენტისტთა ეკლესიის წევრ ორ აბიტურიენტს ცენტრმა გამოცდა არ გადაუტანა

პუბლიკა

2020 წლის 15 ივლისს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) გამოცდების ეროვნული ცენტრის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ცენტრმა უარი უთხრა ორ აბიტურიენტს, რომლებიც მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის წევრები არიან, სხვა დღეს ჩაებარებინათ ინგლისური ენის გამოცდა.

ორგანიზაცია წერს, რომ რელიგიური მრწამსის გამო, მათ არ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ გამოცდაში შაბათ დღეს და ამიტომ გამოცდების ეროვნულ ცენტრს 2020 წლის 30 ივნისს 18 ივლისს დანიშნული გამოცდის გადატანის თხოვნით მიმართეს.

„ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესია შაბათ დღეს აღიარებს ყოველდღიური საქმეებისაგან დასვენებისა და ღვთისმსახურების დღედ. ეკლესიის წევრებისათვის, მათი რწმენის შესაბამისად, დაუშვებელია შაბათ დღეს სეკულარულ აქტივობებში, მათ შორის, გამოცდაში მონაწილეობის მიღება. მათი ეს უფლება ექცევა საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით აღიარებული რელიგიისა და რწმენის თავისუფლების სფეროში. წელს მსგავსი პრობლემის წინაშე დადგნენ იუდაიზმის მიმდევარი აბიტურიენტებიც“, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაცია წერს, რომ ინგლისური ენის გამოცდა დანიშნულია სამ სხვადასხვა დღეს – კერძოდ, 17, 18 და 19 ივლისს. შესაბამისად, არსებობს შესაძლებლობა, რომ აბიტურიენტებმა, რომლებიც საკუთარი რწმენის გამო გამოცდაზე ვერ გავლენ შაბათ დღეს, გამოცდაში მონაწილეობა მიიღონ 17 ან 19 ივლისს.

ამის მიუხედავად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პასუხების[1] მიხედვით, აბიტურიენტების განცხადებებში აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ გამოცდების განრიგი უკვე დამტკიცებულია.

სრულად ორგანიზაციის განცხადებას იხილეთ ბმულზე.