ადვოკატები და იურისტები საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას და მის თავმჯდომარეს მიმართავენ.
განცხადებაზე ხელმომწერი ადვიკატები და იურისტები მოუწოდებენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას და მის თავმჯდომარეს დავით ასათიანს, შეასრულოს ასოციაციის უმთავრესი მისია – დაიცვას ადვოკატთა უფლებები და ხელი შეუწყოს მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოში.
სია განახლებადია და ამ დროისთვის მიმართვას ხელს 36 იურისტი აწერს.
„მოგეხსენებათ, უკვე რამდენიმე დღეა შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულიად უკანონოდ და არალეგიტიმურად არბევს თბილისსა და რეგიონებში მიმდინარე მშვიდობიან აქციებს. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო ხუთი დღის განმავლობაში 300-მდე ადამიანია დაკავებული ადმინისტრაციული/სისხლისსამართლებრივი წესით.
დაკავებული და სპეცრაზმის ძალადობის შედეგად დაშავებული ადამიანების სამართლებრივ დაცვას ახორციელებენ როგორც არასამთავრობო და კერძო სექტორში დასაქმებული, ისე ინდივიდუალური ადვოკატები. თუმცა ისინი დაცვის უფლების განხორციელებისას არაერთ წინაღობას აწყდებიან. მათ შორის აღნიშვნის ღირსია შემდეგი:
- არ არსებობს დაკავებულ პირთა ადგილსამყოფლის დასადგენად რაიმე ქმედითი მექანიზმი, რის გამოც ადვოკატებს საათების განმავლობაში უწევთ მათი ძებნა მთელი ქვეყნის მასშტაბით;
- ამავდროულად, ადვოკატებს არ ეძლევათ დაკავებულების მონახულების შესაძლებლობა დროებითი მოთავსების იზოლატორში მათ შესახლებამდე. ეს პროცესი კი ხშირ შემთხვევაში რამდენიმე საათი გრძელდება;
- იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო დღეებში დაკავებულ პირთა აბსოლუტურ უმრავლესობას მნიშვნელოვანი დაზიანებები აღენიშნებათ, ადვოკატების მიერ მათი მყისიერი მონახულება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის დაფიქსირება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. თუმცა როგორც აღინიშნა, ადვოკატებს ამის უფლებას შესაბამისი უწყებები არ აძლევენ;
დაცვის უფლება და ადვოკატთა უფლებები მნიშვნელოვნად ირღვევა სასამართლოში საქმეთა განხილვის დროსაც. კერძოდ:
- არ არსებობს ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების საქმეთა ჩანიშვნის რაიმე გრაფიკი ან შეტყობინების გონივრული მექანიზმი, რომელიც დაკავებულებს და მათ ადვოკატებს შესაძლებლობას მისცემს, რომ სათანადოდ მოემზადონ პროცესისთვის. აღნიშნულის საპირისპიროდ პროცესები ინიშნება ქაოსურად, სხვა საქმეებთან გაერთიანებით. ადვოკატებისთვის ხშირად წინასწარ უცნობია, თუ კონკრეტულად რომელ საქმეებთან გაერთიანდება მათი დაცვის ქვეშ მყოფის საქმე, ზუსტად რომელ საათზე მოხდება მისი განხილვა ან რა კონკრეტული მტკიცებულებებით აპირებს წარდგეს პროცესზე მოწინააღმდეგე მხარე- შინაგან საქმეთა სამინისტრო.
- მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ლეგიტიმური საფუძველი, რომ ამ საქმეების განხილვა მყისიერად მოხდეს, მათი გადადების ნაცვლად, სასამართლო პროცესებს არასამუშაო პერიოდშიც კი, ღამის საათებში ნიშნავს. შედეგად, აქციის მშვიდობიან მონაწილეებს და მათ ადვოკატებს მთელი დღის და შემდგომ უკვე ღამის განმავლობაში უწევთ სასამართლოს შენობაში ყოფნა და პროცესში მონაწილეობა.
- განსაკუთრებით საგანგაშოა მიმდინარე აქციების დროს დაშავებული ადამიანების სასამართლო პროცესების განხილვა. რამდენიმე შემთხვევაში, ადვოკატების მოთხოვნის საფუძველზე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ასეთი ადამიანები გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. ადვოკატებმა მოითხოვეს ამ საქმეების განხილვის გადადება, რაც სამწუხაროდ სასამართლომ არ დააკმაყოფილა. მოსამართლემ ადვოკატებს ნახევარი საათი მისცა იმისათვის, რათა სამედიცინო დაწესებულებაში მყოფ პირებთან სატელეფონო კომუნიკაციით შეეთანხმებინათ დაცვის სტრატეგია. ამგვარი მიდგომა, ცხადია, უხეშად არღვევს დაცვის უფლებას და აქტივისტებს ართმევს ადვოკატთან სათანადო კომუნიკაციის, ასევე სასამართლო პროცესში უშუალოდ მონაწილეობის შესაძლებლობას.
ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას დაშავდა რამდენიმე ადვოკატი, ხოლო ნაწილი უკანონოდ დააკავეს.
მიუხედავად ასეთ პირობებში საქმიანობისა, რომელიც უკვე წლებია ფაქტობრივად ნორმად იქცა, სამწუხაროდ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხრიდან მთელი ამ დროის განმავლობაში არ გადადგმულა სათანადო ნაბიჯები ადვოკატთა უფლებების დასაცავად და არსებული რეალობის შესაცვლელად. მართალია, ასოციაციის თავმჯდომარემ 2024 წლის 1 დეკემბერს სოციალური ქსელში გააკეთა განცხადებები ადვოკატთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე, თუმცა ეს არ შეიძლება ჩაითვალოს საკმარის ქმედებად, მით უფრო იმის ფონზე, რომ ასოციაციის თავმჯდომარე საუბრობს “ზოგიერთი ძალოვნის” “ზოგიერთ სისასტიკეზე”.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია არის საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი ერთადერთი პროფესიული გაერთიანება ადვოკატებისთვის, რომლის უმთავრესი ფუნქცია სწორედ პროფესიულ ღირსებაზე ზრუნვაა. საქართველოში ფესვგადგმული ავტორიტარიზმის და სახელმწიფო ინსტიტუციების მიტაცების ფონზე კი ასოციაციას აკისრია ორმაგი პასუხისმგებლობა, არათუ იზრუნოს ამ პროფესიაში ეთიკური ნორმების დაცვაზე, არამედ შეუნარჩუნოს მას სიცოცხლისუნარიანობა და აზრი.
მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების პარალელურად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა ინსტიტუციამ გამოხატოს საკუთარი მკაფიო პოზიცია და შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულებები. შესაბამისად, მივმართავთ ადვოკატთა ასოციაციას, გადადგას ქმედითი ნაბიჯები ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლების აღმოსაფხვრელად და დადგეს ადვოკატების და ქართველი ხალხის გვერდით!“,- ნათქვამია განცხადებაში.