​ადვოკატები გიორგი ბაჩიაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ

პუბლიკა

​ადვოკატები გიორგი ბაჩიაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ მას შემდეგ, რაც ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ მასზე ციხის საკანში იძალადეს.

ადვოკატ დავით ჯანდიერის თქმით, ისინი დღეს პროკურატურას დაელოდებიან, ხოლო თუ ბაჩიაშვილს დაზარალებულის სტატუსს არ მიანიჭებენ, ხვალ უწყებას შესაბამისი განცხადებით მიმართავენ.

„პარასკევს გიორგი ბაჩიაშვილი გამოჰკითხეს. მან ძალიან დეტალური ჩვენება მისცა გამომძიებელს. ჩვენ ერთ დღეს, ანუ დღევანდელ დღეს დაველოდებით პროკურატურას, დაზარალებულის სტატუსი რომ მიანიჭონ, თუ აპირებენ, თუ არადა ხვალ შესაბამისი განცხადებით მივმართავთ პროკურატურას“, – თქვა დავით ჯანდიერმა „ტვ პირველთან”.

მანამდე ადვოკატებმა დააყენეს ბაჩიაშვილის გლდანის ციხიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნა.

ადვოკატ დავით ჯანდიერის თქმით, ისინი ასევე მოითხოვენ მე-8 პენიტენციური დაწესებულების, „ვივამედისა“ და საბადრაგო სამსახურის სამხრე კამერების ამოღებას.

მოთხოვნებს დაცვის მხარე ოფიციალურად რამდენიმე დღეში დააყენებს.

„გიორგი ბაჩიაშვილის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით მოთხოვნა უკვე რამდენიმე დღეა დაყენებულია პენიტენციური სამსახურის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ბაჩიაშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, არ მგონია, რომ რომელიმე პენიტენციურ დაწესებულებაში შეიძლება იყოს უზრუნველყოფილი.

რაც შეეხება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, გასული კვირის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში ვნახულობდით, ის აგრძელებდა მკურნალობას იმ დაზიანებების გათვალისწინებით, რომელიც მას მიაყენეს და შეინიშნებოდა პოზიტიური დინამიკა“, – ამბობს დავით ჯანდიერი.

რაც შეეხება „ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გიორგი ბაჩიაშვილის საკანში შესახლებული პატიმარი კახი მეტრეველი, რომელმაც მას ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, ქსნის ციხის პატიმარია, რომელიც რამდენიმე კვირაში უნდა გათავისუფლდეს – ადვოკატი აცხადებს, რომ მან ეს მედიით გაიგო.

„ეს ჩვენთვის ცნობილი მედიის საშუალებით გახდა. მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია დადგინდეს – სად იხდიდა ის სასჯელს – ნახევრად ღია თუ დახურული რეჟიმის პირობებში და როდის და რომელი დაწესებულებიდან, რა სამართლებრივი საფუძვლით იქნა გადმოყვანილი მე-8 დაწესებულებაში. ეს ინფორმაცია მოგვცემს საშუალებას, გავიგოთ, თუ რა იდგა თავდასხმის უკან. ჩვენ მივმართავთ სახალხო დამცველს და მოვითხოვთ ამ საკითხის შესწავლას. ვფიქრობ, რომ გამოძიებაც უნდა დაინტერესდეს“, – თქვა დავით ჯანდიერმა.

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, 11 ივლისს საღამოს 7 საათზე მასთან საკანში შევიდა მისთვის უცნობი პიროვნება, რომელმაც ჯერ გინება დაუწყო, შემდეგ კი ჩხუბზე გადავიდა. როგორც ბაჩიაშვილი აღწერს თავდამსხმელმა შუშის ჭიქა გადაამსხვრია თავზე, რის შემდეგაც მან გონება დაკარგა.

ბაჩიაშვილი ფიქრობს, რომ „ეს მუქარის მესიჯის აღსრულება იყო“, რადგან 8 ივლისს N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და „რამდენჯერმე ურჩია, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტოვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა“.

პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ეს არის „ინციდენტი მსჯავრდადებულებს შორის, რის შედეგადაც ორმა მსჯავრდადებულმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო”.