ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წერს, რომ ადვოკატებმა ნინო დათაშვილი მოინახულეს.
მათი ინფორმაციით, ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ რთულია, მას უჭირს გადაადგილება.
მათივე ცნობით, ადვოკატები დღეს 15:00-ზე დანიშნული პროცესის გადადების შუამდგომლობას დააყენებენ.
„ნინო დათაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანასა და მისთვის ყველა საჭირო სერვისის დაუყოვნებლივ შეთავაზების მოთხოვნით ადვოკატებმა #5 დაწესებულებას მიმართეს. საქმის კურსშია სახალხო დამცველის აპარატი, რომელიც საკითხზე უკვე მუშაობს“, – წერს ორგანიზაცია.
ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო მისი წინა პროცესიც.
ადვოკატების ცნობით, ნინო დათაშვილს ხერხემალზე ერთი ოპერაცია გაკეთებული აქვს, მეორე კი გასაკეთებელია. თამარ გაბოძის ინფორმაციით, მას აქვს მალთაშუა დისკის თიაქარი, რაც პერიოდულად გაუსაძლის ტკივილს იწვევს.
თამარ გაბოძე აღნიშნავს, რომ ადვოკატებმა არაერთხელ მიმართეს პენიტენციურ დაწესებულებას, უზრუნველყოფილი ყოფილიყო დათაშვილისთვის შესაბამისი სამედიცინო სერვისების მიწოდება, მათ შორის ორთოპედიული ლეიბი, თუმცა ეს ამ დრომდე არ არის დაკმაყოფილებული.