ადვოკატები საზოგადოებას სთავაზობენ, ჯებირის დაზიანებაზე დაჭერილ ახალგაზრდებს თავდებად დაუდგნენ

პუბლიკა

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” საზოგადოებას სთავაზობს, 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილსა და 23 წლის საბა მეფარიშვილს გვერდით პირადი თავდებობის გზით დაუდგეს.

პირადი თავდებობა, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, აღკვეთის ღონისძიების ერთ-ერთი სახეა, რომლითაც სანდო პირები კისრულობენ წერილობით ვალდებულებას, რომ ისინი უზრუნველყოფენ ბრალდებულის სათანადო ქცევას და გამომძიებელთან, პროკურორთან, სასამართლოში გამოცხადებას.

„სტრატეგია არის ის, რომ პირადი თავდებობა შევთავაზოთ როგორც სასამართლოს, ისე საზოგადოებას.

ბოლო პერიოდში, ჩვენ ვნახეთ, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო, სურვილი ყოველ შემთხვევაში, რომ ჩართულიყვნენ რაიმე ფორმით და პირადი თავდებობა არის აღკვეთის ღონისძიების ერთ-ერთი სახე, რომელზეც ხელს აწერენ და თავდებში უდგებიან მათ სათანადო ქცევის შესახებ.

ამიტომ, ვისაც ექნება სურვილი, ყველას აბსოლუტურად, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოაწეროს ხელი პირად თავდებობას”, – უთხრეს „პუბლიკას” ორგანიზაციაში.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ 400 ლარიანი ზიანი, რაზეც სასამართლო სხდომებზე ბრალდების მხარე მუდმივად აპელირებდა, უკვე აანაზღაურეს.

მათი განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, აღკვეთის ღონისძიებისა და მისი კონკრეტული სახის გამოყენების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლო, მათ შორის, ითვალისწინებს მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას.

„ბრალდების არსიდან, ბრალდებულების ასაკიდან, პიროვნებიდან და მოსალოდნელი უსამართლო სასჯელიდან გამომდინარე, საზოგადოების მხრიდან არაერთხელ გამოითქვა ორი ახალგაზრდის მხარდაჭერის სურვილი.

შესაბამისად, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი საზოგადოებას სთავაზობს, ახალგაზრდებს გვერდით პირადი თავდებობის გზით დაუდგეს”, – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

DRI-ის იურისტმა, თამარ ხიდაშელმა აღნიშნა, რომ საბა მეფარიშვილსა და ომარ ოკრიბელაშვილს პირად თავდებობაში უდგებიან ის და ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი. მისი თქმით, როგორ უნდა მოხდეს პირად თავდებობაში ჩადგომა, ორგანიზაცია ამ დეტალებს საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნებს.

„საზოგადოებრივი ჯგუფებისგან არაერთხელ მოვისმინეთ ეს მოწოდება და ყველას აქვს სურვილი, ამ ახალგაზრდა ადამიანებს გვერდში დაუდგნენ. ამისთვის, ჩვენ საზოგადოებას ვთავაზობთ და შემდეგ სასამართლოს შევთავაზებთ პირად თავდებობას.

მე თამარ ხიდაშელი და უჩა ნანუაშვილი პირად თავდებობაში ვუდგებით ამ ადამიანებს და მოსამართლეს ვეუბნებით, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი, საჭიროების შემთხვევაში გამოცხადდებიან საგამოძიებო უწყებებში, ასევე, სასამართლოში.

საზოგადოების სხვა წევრებსაც მოვუწოდებთ, რომ შემოგვიერთდნენ და პირად თავდებობაში დაუდგნენ უსამართლოდ საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებულ ორ ახალგაზრდა კაცს”, – განაცხადა თამარ ხიდაშელმა.

რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე პოლიციის ჯებირის დაზიანებისთვის დაჭერილი საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი საპატიმროში რჩებიან – დაცვის მხარის შუამდგომლობა, ახალგაზრდებისთვის პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ, მოსამართლემ, ნათია გუდაძემ არ გაითვალისწინა.

სასამართლო სხდომა დღესაც გაიმართა, თუმცა მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უცვლელი დატოვა. როგორც ადვოკატება აღნიშნეს, პროკურორის მხრიდან მათი გადახდილი ჯარიმა შეფასდა, როგორც „სპეკულაცია”, ასევე მიეთითა, რომ ზიანის ოდენობა არც არასდროს ყოფილა ბრალის საფუძველი.

ადვოკატის ცნობით, მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართება 30 ივლისს 16:00 საათზე, რა დროსაც, განიხილავენ მტკიცებულებად წარმოდგენილ ვიდეოს.

„შსს-ის მხოლოდ თანამშრომლის ჩვენება გვაქვს საქმეში და ვიდეო მტკიცებულება, რაც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, სხვა რაიმე ტიპის ნეიტრალური მტკიცებულება არ გაგვაჩნია საქმეში და ჩვენი შეფასებით, ამ არასამართლიანი, არაობიექტური მტკიცებულებებით ხდება ამ საქმის წარმოება”, – აღნიშნა ადვოკატმა ბრიფინგზე.

23 წლის საბა მეფარიშვილსა და 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის გ-ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი (ნივთის დაზიანება ჯგუფურად).

ეს ნაწილი 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.