ადვოკატების ცნობით, აქციის მონაწილე, რომელსაც დაკავებისას სცემეს, კლინიკაში გადაიყვანეს

პუბლიკა

ადვოკატების ცნობით, აქციის მონაწილე გურამ ადამია, რომელსაც დაკავებისას სცემეს, კლინიკაში გადაიყვანეს.

გურამ ადამიას მონახულების შემდეგ ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა, რომ მას აქვს დაზიანებები სახეზე და სხეულზე. მისი თქმით, ადამია იხსენებს, რომ დაკავებისას არა მხოლოდ ურტყამდნენ, რომ წაიქცა, ფეხით გადადიოდნენ მასზე.

ექიმის თქმით, გურამ ადამიას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სახეზე აქვს მრავბლობითი ექსკორიაციები. მოტეხილობა ან ტრავმული დაზიანება არ აღენიშნება. აქვს მსუბუქი ტვინის შერყევა.

„პუბლიკამ“ ადამიას დაკავების ვიდეო გადაიღო.

შსს-მ ადმინისტრაციული წესით დღეს, 13 მაისს 20 დემონსტრანტი დააკავა.

ადვოკატების თქმით, ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებათ სხვა დაკავებულებსაც.

ერთ-ერთი დაკავებულის, რევი ყურაშვილის მეგობარი, ანანო ასპანიძე „პუბლიკას“ ეუბნება, რომ აქციაზე მშვიდობიანად მდგარი რევი ყურაშვილი ათამდე სამართალდამცველმა დააკავა და დაკავების დროს გამოიყენეს ძალა. მისი ცნობით, ყურაშვილი ადვოკატმა უკვე მოინახულა. ადვოკატის ცნობით, ის ნაცემი არაა და საპატიმროს, მაქსიმუმ 48 საათში დატოვებს.

„გირჩი – მეტი თავისუფლება“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაკავებულებს შორის არიან გიორგი კემულარია, მისი ძმა – ლაშა კემულარია, ასევე ზურა ხომერიკი. დაკავებულია გუკა რჩეულიშვილიც.


შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დღეს, 13 მაისს პარლამენტთან 20 ადამიანი დააკავეს, პოლიციის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად. ეს მუხლები წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩლებლობას გულისხმობს.

საგამოძიებო სამსახურმა პარლამენტთან სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.