ადვოკატებმა მოსამართლეს ექიმის შეშვების მოთხოვნაზე რეაგირება სთხოვეს, მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

პუბლიკა

„მთავარი, რაც ამ პროცესზე მოხდა, პატიმარმა სამჯერ განაცხადა, რომ მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, სჭირდება ექიმი და მას ეს ექიმი არ ჰყავს და მოითხოვა, რომ შეეშვათ ექიმები, რომლებიც მას ამ დახმარებას გაუწევდა და ზოგადად დახმარების გაწევა ითხოვა, რადგან პრობლემები აქვს ჯანმრთელობის“, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

ე.წ. საზღვრის კვეთის საქმის სასამართლო განხილვაზე დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის და წამების წინააღმდეგ კონვენციის საფუძველზე, რომ როცა პატიმარი ითხოვს სამედიცინო დახმარებას, სასამართლომ უნდა მიმართოს პენიტენციური სამსახურის დირექტორს, გამოიკვლიოს საკითხი და პატიმარს გაეწიოს ადეკვატური სამედიცინო დახმარება.

„ამით სასამართლო არ დაადგენს, რომ წამებას აქვს ადგილი, მაგრამ სასამართლო ვალდებულია, ასეთ თემაზე ჰქონდეს რეაგირება“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, თუმცა განმარტა, რომ პატიმრის ჯანმრთელობის დაცვა პენიტენციურმა სამსახურმა უნდა უზრუნველყოს.

ნიკა გვარამიას განცხადებით, ყველა სასამართლო სხდომაზე დააყენებენ ამგვარ შუამდგომლობას  და მოსამართლეების მხრიდან ყველა უარი იქნება წამების კონვენციის დარღვევა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევა.

„პარიკმახერი შემოუშვეს ერთ დღში. ივანიშვილის ბრძანებით, 5 კვირაა, არ უშვებენ ჩემს ექიმებს იმ პირობებში, როდესაც მაქვს ძალიან ძლიერი სისუსტე, როდესაც მაქვს სერიოზული პრობლემები პირველად ცხოვრებაში ჰიპერტონიასთან დაკავშირებით, მაქვს ძალიან ძლიერი ანემია და აქედან გამომდინარე ბევრი სხვა პროცესი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.