ადვოკატებმა სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიმართეს

პუბლიკა

ადვოკატებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიმართეს. მათ საქალაქო სასამართლოს 6 თებერვლის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.

მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, ექსპრეზიდენტის ადვოკატებს ამ მოთხოვნაზე უარი ეთქვათ.

ადვოკატების შეფასებით, მოსამართლის ეს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელი იყო.

ადვოკატები, ოჯახის წევრები და თანაგუნდელები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ან მისი სასჯელის გადავადებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოითხოვენ.

დაცვის მხარე ცდილობს, დაამტკიცოს, რომ ექსპრეზიდენტის დიაგნოზები არის იმის საფუძველი, რომ ის პატიმრობიდან გათავისუფლდეს.

პენიტენციური სამსახური და იუსტიციის სამინისტრო ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს კლინიკა „ვივამედში“ საფრთხე არ ემუქრება.