ადვოკატებმა საკონსტიტუციო სასამართლოში მობილურებისა და სხვა ტექნიკური საშუალების ჩამორთმევაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილება გაასაჩივრეს.
საუბარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 17 ივლისის დადგენილებაზე, რის საფუძველზეც საბჭომ საერთო სასამართლოებში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის უკანონოდ განხორციელების პრევენციის წესი დაამტკიცა.
დადგენილების დანართში აღნიშნულია, რომ სასამართლოს მანდატური უფლებამოსილია არ დაუშვას სასამართლო სხდომის დარბაზში ნებისმიერი ტექნიკური საშუალების შეტანა, მობილური ტელეფონის ჩათვლით და შესთავაზოს მფლობელს გადასცეს ის დროებით შესანახად.
დადგენილებით ასევე აკრძალულია სასამართლოს ეზოსა და შენობაში ფოტო-ვიდეო აპარატურის შეტანა.
ადვოკატები მუხრან ღურწკაია, მერაბ მამულაძე, იმედა ქარქაშაძე, გიორგი მახარაძე და ნათია ჯანელიძე სწორედ ამ ჩანაწერის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვენ. კერძოდ, დანართის პირველი და მესამე მუხლის:

საკონსტიტუციო სარჩელში მოსარჩელეებს ასევე მოჰყავთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის მიერ ჟურნალისტებისთვის მიცემული კომენტარი.
შეკითხვაზე – სასამართლო სხდომათა დარბაზში მობილურების შეტანის აკრძალვა ეხება თუ არა ჟურნალისტებს, პროკურორებს, ადვოკატებს, დამსწრეებს?“
გვრიტიშვილი პასუხობს – „რეგულაცია არის ისეთი, რომ ეხება ყველას“.
– ეს [აკრძალვა] შეეხება ლეპტოპებსაც, მობილურ ტელეფონებსაც..?
– ნებისმიერ ტექნიკურ საშუალებას, რომლითაც შეიძლება ჩანაწერი განხორციელდეს.
მოსარჩელეები სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას კონსტიტუციის ორი მუხლთან მიმართებით მოითხოვენ:
- კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი – „შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით.“
- კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადება – „ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით.“
ისინი ამბობენ, რომ სადავო ნორმით ადვოკატს დაეკარგება წვდომა სასიცოცხლო იურიდიულ რესურსებზე, დოკუმენტაციასა და ფაქტობრივად უწყდება კავშირი კლიენტთან და ოფისთან საქმის განხილვისას. ეს წარმოადგენს დაცვის უფლების ხელყოფას და ადვოკატის პროფესიული დამოუკიდებლობის შელახვას. სახელმწიფო არსებული ბარიერების შემოღებით უხეშად ერევა და ხელყოფს ადვოკატის პროფესიულ საქმიანობაში, რითაც არსებითად არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი და 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მესამე წინადადებას.
„იქამდე, სანამ უშუალოდ ადვოკატისთვის დაწესებული ზემოაღნიშნული აკრძალვის არაკონსტიტუციურობას შევეხებით, მივუთითებთ, რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ სასამართლოში მედიასაშუალებების დაშვება მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რადგან მართლმსაჯულების გამჭირვალობა პირდაპირპროპორციულად აისახება მართლმსაჯულების სანდოობასა და ხარისხზე. სასამართლო სხდომების ღიაობა, მით უფრო ისეთი ქვეყნებში, სადაც დემოკრატიზაციის პროცესი კრიტიკულ ზღვარზე იმყოფება, არის მართლმსაჯულების სანდოობისა და ხარისხის აუცილებელი კომპონენტი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელეები არ წარმოვადგენთ მედია საშუალებებს, წარმოდგენილი სარჩელით აღნიშნულ საკითხზე დამატებით არ ვისაუბრებთ.
რაც შეეხება უშუალოდ ადვოკატებისთვის დაწესებულ აკრძალვას, მივუთითებთ, რომ მოცემულ შემთხვევაში დაწესებული აკრძალვის ლეგიტიმურ მიზნად მხოლოდ ფორმალურადაა მითითებული სასამართლოში წესრიგის დაცვისა და უკანონო გადაღების პრევენცია, თუმცა აღნიშნული ლეგიტიმური მიზანი არის აშკარად არაპროპორციული და ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციისა და საკონკსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ თანაზომიერების ტესტს.
ზოგადად, ტელეფონი და სხვა ტექნიკური საშუალება სხვადასხვა პირისთვის შესაძლებელია გამოიყენებოდეს სხვადასხვა მიზნობრიობით. ტექნოლოგიების განვითარების პირობებში ტელეფონმა და სხვა ტექნიკურმა საშუალებებმა საყოფაცხოვრებო დანიშნულებასთან ერთად მნიშვნელოვნად შეიძინეს პროფესიული დანიშნულებაც და სხვადასხვა პროფესიულ წრეებში წარმოადგენენ პროფესიული საქმიანობის აუცილებელ ატრიბუტს.
ადვოკატებისთვის თანამედროვე ტექნიკური საშუალებები (მობილური ტელეფონები, პლანშეტები) არ წარმოადგენს მხოლოდ გადამღებ მოწყობილობას. ეს არის პროფესიული კომუნიკაციის, იურიდიული ინფორმაციის (საკანონმდებლო ბაზები, პრაქტიკა, დოკუმენტაცია) ხელმისაწვდომობისა და საორგანიზაციო საქმიანობის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი.
ამ საშუალებების სასამართლო ეზოში, სასამართლოს ადმინისტრაციულ შენობასა და სასამართლო სხდომის დარბაზებში სრულად ჩამორთმევა ადვოკატს უქმნის შემაფერხებელ გარემოებას საქმის წარმოებისას, რაც პირდაპირ აისახება როგორც ადვოკატის პროფესიულ განვითარებაზე, ასევე მის მიერ განხორციელებული დაცვის ხარისხზე.
დაახლოებით 10 წელზე მეტია, რაც ადვოკატებს შეუზღუდავად ჰქონდათ სასამართლო სხდომის დარბაზებში მობილური ტელეფონებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენების უფლება და შესაძლებლობა, თუმცა ამ დროის მანძილზე ადვოკატების მხრიდან მობილური ტელეფონებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებას არ შეუქმნიათ საფრთხე მართლმსაჯულების განხორცილებისთვის.
გარდა აღნიშნულისა, სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის ან უკანონო გადაღების რისკი არ შეიძლება გახდეს საფუძველი, რომ ადვოკატი, როგორც სამართალწარმოების პროფესიული და აუცილებელი მონაწილე, გაუთანაბრდეს რიგით დამკვირვებელს. ადვოკატს, პროფესიული სტატუსის გამო, უნდა ჰქონდეს პროცესის ეფექტურად წარმართვის ფაქტობრივი შესაძლებლობა”, – ვკითხულობთ საკონსტიტუციო სარჩელში.
მოსარჩელეები დამატებით აღნიშნავენ იმასაც, რომ მათ მიერ გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსი მიღებულია იმ მიზნით, რომ მედიასაშუალებებს შეეზღუდოთ სასამართლო ეზოში, სასამართლოს დერეფნებსა და სასამართლოს სხდომებზე მიმდინარე პროცესების გაშუქება, რაც საფუძველშივე მიუთითებს, რომ სადავო ნორმატიული შინაარსს არ გააჩნია საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისი ლეგიტიმური საჯარო მიზანი. თუმცა ლეგიტიმური საჯარო მიზანი თეორიულად მაინც რომ არსებობდეს, მიღწევის გზა, კერძოდ, ტექნიკური საშუალებების სრული აკრძალვის ფორმა, ვერ აკმაყოფილებს აუცილებლობისა და ვიწრო გაგებით პროპორციულობის ტესტებს, შესაბამისად, იგი არის არაკონსტიტუციური.
მოსარჩელეები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას მოითხოვენ.
„სადავო ნორმატიული შინაარსების დაუყოვნებლივ შეჩერების გარეშე, ნორმის პრაქტიკაში ამოქმედების პირობებში ადვოკატებს და მათ შორის, მოსარჩელეებს, გამოუსწორებელი ზიანი მოგვადგება, კერძოდ, არსებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოქმედების პირობებში ადვოკატები ვერ შევძლებთ ჩვენი პროფესიული საქმიანობის სწორად და ღირსეულად შესრულებას, რითაც არსებითად შეილახება როგორც თითოეული ადვოკატის, ისე ჩვენი დასაცავი თითოეული პირისა უფლებები და ამასთან, არსებითად დაზიანდება მართლმსაჯულების ხარისხი და ავტორიტეტი”, – წერია სარჩელში.