ადვოკატი: აბრამოვისგან ბიოლოგიური მასალა მოტყუებით აიღეს, ვითომდა ბრეკეტების ჩვენების მიზეზით

პუბლიკა

ნარკოდანაშაულში ბრალდებული 22 წლის თედო აბრამოვის საქმეზე პროკურატურამ სასამართლოში ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა, რომლის მიხედვითაც ნარკოტიკის შესაფუთ მასალაზე აბრამოვის ბიოლოგიური კვალი ამოვიდა.

დაცვის მხარის პოზიციით, აბრამოვისგან ბიოლოგიური მასალა მოტყუებით აიღეს პირის ღრუდან და ექსპერტიზის შედეგიც აქედან გამომდინარეობს.

„ბიოლოგიურო მასალა აღებულია თევდორე აბრამოვისგან პირადი ჩხრეკის დროს, მოტყუებით, მისი პირის ღრუდან, თითქოსდა ბრეკეტების ჩვენების მიზნით. შესაბამისად, ჩვენ ეს მოლოდინი გვქონდა, რომ ეს დასკვნა ასეთი შედეგით მოვიდოდა.

აღსანიშნავია ის, რომ აღნიშნულ ბიოლოგიურ მასალაზე კიდევ სხვა ბიოლოგიური პროფილებიც აღმოჩნდა, რაც ამყარებს ჩვენს ეჭვს, რომ საქმეში არსებული ნარკოტიკული საშუალება და ბიოლოგიური მასალა, იყო სამართალდამცავების ხელში ყოველგვარი დალუქვის გარეშე“, – ამბობს ადვოკატი ინგა ჯაბანაშვილი.

„პუბლიკის“ შეკითხვაზე, დანიშნულია თუ არა საქმეზე თითის ანაბეჭდის ექსპერტიზა [დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა] და მზად არის თუ არა დასკვნა, ჯაბანაშვილი ამბობს, რომ დაცვის მხარემ თავად დანიშნა საქმეში თითის ანაბეჭდის ექსპერტიზა და მასზე ბრალდებულის ანაბეჭდი არ ამოვიდა.

„თავის დროზე დაცვის მხარემ ასევე დანიშნა თითის ანაბეჭდის ექსპერტიზა, ეს დასკვნა საქმეში დასაშვებად არის ცნობილი, 45 სანტიმეტრის სიგრძის იზოლენტზე ანუ შესაფუთ მასალაზე არცერთი დვრილოვანი ქარგა არ არის. ეს არის ძალიან ულოგიკო, ვინაიდან თუ ადამიანს ხელში ეჭირა [ნარკოტიკული საშუალება], ერთი დვრილოვანი ქარგა რანაირად შეიძლება არ ამოსულიყო. აქ არაა საუბარი იდენტიფიკაციისთვის უვარგის ნიმუშზე, საერთოდ [არავისი] დვრილოვანი ქარგა არ ამოვიდა.

შესაბამისად, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რაც ბრალდების მხარემ წარადგინა, წინააღმდეგობაშია ჩვენ მიერ ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნასთან, ორივეს თანაბარი მნიშვნელობა აქვს, შესაბამისად, ყველა ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს“, – ამბობს ადვოკატი.


22 წლის თევდორე აბრამოვი დეკემბერში დააკავეს. მას პროკურატურა 4.41548 გრამი MDMA-ის ფლობას ედავება.

აბრამოვი დანაშაულს არ აღიარებს. მისი ადვოკატების თქმით, მას ნარკოტიკი ჩაუდეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალება MDMA-ის ოდენობები სამართლიანად  გაწერილი არაა –  კერძოდ, 1 გრამზე მეტი ოდენობით მისი აღმოჩენა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობად კვალიფიცირდება და 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.