ადვოკატი აცხადებს, რომ ნამოხვანში გაუჩინარებული მამაკაცის ბოლო მესიჯს აქვეყნებს

პუბლიკა

ადვოკატი გიორგი ჭოჭუა აცხადებს, რომ სოფელ ნამოხვანში მდინარე რიონში გაუჩინარებული ნიკა ანთიძის ოჯახის ადვოკატია და ანთიძის ბოლო მესიჯს აქვეყნებს. გთავაზობთ ადვოკატის მიერ გასაჯაროებულ მესიჯს, რომლის ავთენტურობაც ჯერ დადგენილი არაა:

„ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ ეს არავის ბრალია, ეს უფლის ნებაა. მა, არ ინერვიულო, სიგიჟემდე მიყვარხარ და იქით ცხოვრებაში გნახავ.

მთელ ჩემს სანათესაო-საახლობლო-სანაცნობოს ვეფერები დიდი სიყვარულით. ცოტა გავითიშე, მარტო ერთ რაღაცაზე ვფიქრობ. მადლობა უფალს ყველაფრისთვის, მე ქრისტიანი კაცი ვარ.

მთავრობას სირცხვილი, გაყიდეს საქართველო და ამას ვერ დავუშვებ, უფლის წყალობით მოვიგებთ ამ ომს”, – წერია ადვოკატის მიერ გავრცელებულ მესიჯის ფოტოში.

ჭაჭუა აცხადებს, რომ ის ნიკა ანთიძის მამამ დაიქირავა, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს.

რაც შეეხება ავთენტურობას, ადვოკატი ამბობს, რომ ექსპერტიზა ჯერ არ დასრულებულა და პასუხი არ არის ამ მიმართულებით:

„ეს იყო მესენჯერში.თავისი მობილურიდან გაგზავნა და დატოვა ნაპირზე. შემდეგ ეს ოჯახის წევრებმა აღმოაჩინეს, რომ გახსნეს მისი ტელეფონი თუ კომპიუტერი. აღმოაჩინეს გახსნილი მესენჯერი, სადაც ეწერა ეს წერილი. ზუსტად ემთხვევა იმ დროს, როცა გადახტა რიონში”.

შეკითხვაზე – ვის უგზავნიდა ამ მესიჯს, ადვოკატი პასუხობს, რომ: „შექმნილი გვერდი აქვს რაღაც ისეთი, სადაც მისთვის საჭირო ინფორმაციას იმახსოვრებდა და აგზავნიდა იმ გვერდზე”.

რა თქვა ადვოკატმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე:

„მინდა, გამოვეხმაურო რიონის ხეობაში, სოფელ ნამოხვანში 10 აპრილს მომხდარ ტრაგედიას, რა დროსაც 27 წლის ნიკა ანთიძე მდ. რიონში გადახტა და საზოგადოებაში გაჩენილ შეკითხვებს გავცეთ პასუხი.

როგორც გავერკვიეთ, ის აქტიური მონაწილე იყო ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქციის, ხოლო რიონის ხეობაში ჩავიდა მომხდარ ტრაგედიამდე 2 დღით ადრე. მან და მისმა მეგობრებმა რიონის ხეობაში შეღწევა და პოლიციის საგუშაგოს გავლა მოახერხეს იმ მოტივით, თითქოსდა მეგობრის დაბადების დღეზე მიდიოდნენ ლეჩხუმში და ამ აქციის შესახებ არაფერი იცოდნენ.

მართლაც, გაფრთხილებული ჰყავდათ ლეჩხუმში მცხოვრები პირი, თუ პოლიცია გადაამოწმებდა, რომ იგივე პასუხი გაეცა.

ნიკოლოზს დედა გარდაცვლილი ჰყავს, მამა კი აშშ-ში ცხოვრობს.

მისი ამერიკაში წასვლა ნამდვილად იყო მომავლის გეგმა, მაგრამ, რაც შეეხება ამერიკაში ვიზას, რომელიც გავრცელებულია საზოგადოებაში, ნამდვილად არ გააჩნდა მას არანაირი ვიზა.

ასევე, მინდა, გითხრათ იმ მოსაზრებასთან დაკავშირებით, თითქოსდა ტრაგიკული შემთხვევის დროს იგი იყო ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ – არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან შევისწავლეთ შემთხვევის ადგილი, აქციის მონაწილეების, ორგანიზატორებისა და კარვებში მყოფ პირთა ცხოვრების წესი და ჩვენი თვალით ვნახეთ, რომ კარვების ტერიტორიაზე არათუ ალკოჰოლი, თამბაქოს მოხმარებაც კი აკრძალულია.

ასევე გავესაუბრეთ პირებს, ვინც შეესწრო აღნიშნულ ფაქტს და მოსაზრება, რომ ის იყო მოცურავე, მან თითქოს გადაცურა რიონი და გავიდა მეორე მხარეს, არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან ის არასდროს აღნიშნული სპორტის სახეობით არ ყოფილა დაკავებული და თვითმხილველებმა ნახეს ბოლო წამებში, შუა მდინარეში თუ როგორ მიცურავდა და გაუჩინარდა.

ასევე, მინდა გითხრათ მთავარი – მან ტრაგიკულ ფაქტამდე რამდენიმე წუთით ადრე დატოვა გამოსამშვიდობებელი წერილი თავის მობილურ ტელეფონში, მესენჯერის საშუალებით, რომელსაც ვასაჯაროებთ.

ნიკა ანთიძის ოჯახი თხოვნით მიმართავს საზოგადოებას და პოლიტიკურ პარტიებს, რომ  მისი ოჯახის ამ მძიმე ტრაგედიას ნუ გამოიყენებენ პოლიტიკური ნიშნით. ასევე ოჯახი მადლობას უხდის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს გაწეული დახმარებისთვის და თხოვნით მიმართავს, აქტიურად გააგრძელონ სამძებრო სამუშაოები.

ჩვენ მიერ თქვენთვის მოწოდებული ინფორმაცია სრულად აქვთ საგამოძიებო ორგანოებს და გამოძიების შედეგებს, ალბათ, გვაცნობებენ…”, – განაცხადა ადვოკატმა.

შეკითხვაზე, ვის უგზავნიდა ამ წერილს, ჭაჭუა პასუხობს:

„ეს იყო მესენჯერში,თავისი მობილურიდან გაგზავნა და დატოვა ნაპირზე. შემდეგ ეს ოჯახის წევრებმა აღმოაჩინეს, რომ გახსნეს მისი ტელეფონი თუ კომპიუტერი. აღმოაჩინეს გახსნილი მესენჯერი, სადაც ეწერა ეს წერილი. ზუსტად ემთხვევა იმ დროს, როცა გადახტა რიონში… შექმნილი გვერდი აქვს რაღაც ისეთი, სადაც მისთვის საჭირო ინფორმაციას იმახსოვრებდა და აგზავნიდა იმ გვერდზე”.

შეკითხვაზე, ტელეფონი ნაპირზე დატოვა თუ მიაწოდა სხვა აქტივისტს, ადვოკატი ამბობს, რომ „დიახ, დიახ , იქ დატოვა და ახლოს იყო აქტივისტი, რომელსაც უთხრა, რომ იქ ტელეფონი მაქვს დატოვებულიო… იქვე ახლოს იდგა აქტივისტი, რომელსაც უთხრა, ტელეფონს ვტოვებ და ჩემს მეგობარს მიეციო და გადახტა”.

როგორც ადვოკატი ამბობს, ოჯახს გამოძიების მიმართ პრეტენზია არ აქვს, ელოდებიან გამოძიების შედეგებს.