ადვოკატი ანდრო ჭიჭინაძეზე: პოლიტიკურ ვითარებას უკავშირებს, ჩხრეკისას არაფერი ამოუღიათ

პუბლიკა

მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა ადვოკატმა, ირაკლი ჟორჟოლიანმა. მსახიობი სამართლის წესითაა დაკავებული. ადვოკატის თქმით, ჭიჭინაძე თავს მხნედ გრძნობს და დაკავებას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას უკავშირებს.

„ინფორმაცია, რომ მისი დაკავება მოჰყვა ამ მოვლენებს, რაც ჩვენ ქვეყანაში ვითარდება რუსთაველზე ეს მისთვის ცნობილია, დანარჩენი რა კვალიფიკაციით იქნა, რომელი კონკრეტული ეპიზოდია, რა ბრალდებაა, ნამდვილად უცნობია როგორც მისთვის, ისე ჩემთვის შესაბამისად. მხნედ არის, არ უჩივის ფიზიკურ დაზიანებებს. ამას ამბობს, რომ ამ პოლიტიკურ ვითარებასთანაა დაკავშირებული. სახლში [აიყვანეს] ჩაუტარდა ჩხრეკა საიდანაც არაფერი ამოღებული არ ყოფილა. მე არ ვესწრებოდი ამ ჩხრეკას, სამწუხაროდ“, – თქვა ადვოკატმა „მთავარ არხთან“.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს. ამავე გამოძიების ფარგლებში კიდევ 4 პირია დაკავებული. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.