ადვოკატი: ანდრო ჭიჭინაძის საქმე აღკვეთის ნაწილში გაიგზავნება სტრასბურგში

პუბლიკა

ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის ცნობით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საკითხთან დაკავშირებით ანდრო ჭიჭინაძის საქმეს სტრასბურგში გააგზავნიან.

„რამდენიმე დღეა დარჩენილი, როცა მხოლოდ ტექნიკურ საკითხებს მოვაგვარებთ უკვე და ანდრო ჭიჭინაძის საქმე აღკვეთის ნაწილში გაიგზავნება სტრასბურგის სასამართლოში, სადაც განხილული იქნება როგორც პირველ წარდგენაზე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის საკითხი, ასევე, შემდგომში უკვე გადახედვის დროს ანალოგიური გადაწყვეტილების მიღების საკითხი, როცა ანდრო ჭიჭინაძე სხვა ბრალდებულებთან ერთად უკანონოდ დარჩა პატიმრობაში”, – აღნიშნა მან მედიასთან საუბრის დროს.

მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე 5 დეკემბერს საპროტესტო აქციების ფარგლებში დააკავეს. 7 დეკემბერს მას პატიმრობა შეუფარდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ქეთევან ჯაჭვაძემ, 10 იანვარს ანდრო ჭიჭინაძე და კიდევ 10 პირი პატიმრობაში დატოვა. წინასასამართლო სხდომა ორი თვით გადაიდო და 5 მარტს ჩაინიშნა.

ბრალდებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ედებათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.