ადვოკატი: აქციაზე დაკავებულებს აქციაზე ყოფნის გამო ციხეში მტრულ გარემოს უქმნიან

პუბლიკა

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე რკინის ჯებირის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით დაკავებულების ადვოკატი ამბობს, რომ მათ მტრული გარემო აქვთ საპატიმროში.

ანა გახოკიძე „პუბლიკას” ეუბნება, რომ დაკავებულების მიმართ თანამესაკნეები მუდმივად გამოხატავენ აგრესიას და უპირისპირდებიან მათ.

მისი თქმით, დაკავებულებს მტრულ გარემოს სხვა პატიმრები იმის გამო უქმნიან, რომ აქციაზე იყვნენ და პროტესტს გამოხატავდნენ.

ადვოკატის თქმით, დაკავებულები ეუბნებიან მათ, რომ „ჯოჯოხეთურ პირობებში” უწევთ ყოფნა, რადგან ციხეში მუდმივად ფსიქოლოგიურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.

„ჩვენ გუშინ მოვინახულეთ დაკავებულები. ისინი საუბრობენ საკნებში არაკეთილსაიმედო მდგომარეობაზე. ორივეს შემთხვევაში საკნებში არის მტრული გარემო. და ეს გარემო შექმნილია მათი მოსაზრებების გამო, იმის გამო, რომ იმყოფებოდნენ აქციაზე. თანამესაკნეები მათ მიმართ მუდმივად აგრესიას გამოხატავენ და უპირისპირდებიან. მათი მისამართით ფსიქოლოგიური და სიტყვიერი შეურაცხყოფები ხდება. როგორც ისინი გვეუბნებიან ჯოჯოხეთურ გარემოში უწევთ ყოფნა”, – ამბობს ანა გახოკიძე.

დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი 2-თვიანი პატიმრობა აქვთ შეფარდებული. ადვოკატები, საპატიმროში შექმნილი მსგავსი პირობების ფონზე, აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლას მოითხოვენ.

ორივე მათგანი 14 მაისს დააკავეს და ბრალი სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს. დაკავებულებს პარლამენტის უკან, რკინის ჯებირის დაზიანებას ედავებიან.

ადვოკატის თქმით, პრობლემურია მუხლიც, რომლითაც ისინი დააკავეს. მუხლი პარლამენტმა გასულ წელს, მარტის აქციების შემდეგ შეცვალა და ნივთის დაზიანება ჯგუფური გახდა. ამ მუხლისთვის კი 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული და არ ითვალისწინებს ჯარიმას.

ადვოკატის თქმით, ეს ცვლილება დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტს (DRI)  საკონსტიტუციო სასამართლოშიც აქვს გასაჩივრებული.