ადვოკატი: ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა საპატიმრო 2 თვის წინ დატოვა

პუბლიკა

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა სერგო შუბითიძემ, რომელიც ცრუ ჩვენების ბრალდებით იყო დაკავებული, საპატიმრო დატოვა. როგორც შუბითიძის ადვოკატი „პუბლიკას” ეუბნება, ის სასამართლო დარბაზიდან 2 თვის წინ გაათავისუფლეს.

შუბითიძეს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, რაც პირობითად ჩაეთვალა.

ადვოკატი ამბობს, რომ შუბითიძემ წარდგენილი ბრალი აღიარა. „ეს ნაკლებად მძიმე მუხლია, კანონი ითვალისწინებს, რომ ასეთ დროს არ არის სავალდებულო პატიმრობა. მას ერთ წლიანი პირობითი მისცეს”, – თქვა დარეჯან ბუცხრიკიძემ.

ადვოკატი „პუბლიკას” ეუბნება, რომ სერგო შუბითიძეს ბაჩალიაშვილის საქმეში ტელეფონი არ ამოუღია, „შემთხვევის ადგილასაც კი არ არის ნამყოფი”, – თქვა მან.

სერგო შუბითიძე 25 ივნისს ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დააკავეს. მან ტელეკომპანია „ფორმულასთან” ინტერვიუში თქვა, რომ არ სჯეროდა თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის და „საქმეში ბევრი საეჭვო გარემოება იყო”.

შუბითიძის თქმით, საეჭვო იყო ისიც, რომ გარდაცვლილის ტელეფონი დაულუქავ მდგომარეობაში ჩააბარეს. სერგო შუბითიძე ამბობდა ტელეკომპანიასთან, რომ მასთან მიტანამდე თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონი გაასუფთავეს.