სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ, ბადრი ესებუას ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბადრი ესებუა ბრალს არ აღიარებს. მისი თქმით, ესებუას სიცოცხლის მოსპობის რეალური საფრთხე არსებობდა, რის გამოც იმალებოდა.
„ის თავს დამნაშავედ არ ცნობს, შესაბამისად, იმ პოზიციაზეა, რაზეც ჩვენ თავიდანვე ვიყავით. 2023 წლის 20 თებერვალს, ჩვეულებრივად გავაგრძელებთ პროცესს, სადაც თვითონაც მოიყვანენ. ის არანაირ ბრალს – „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებას არ აღიარებს.
რაც მან მითხრა, ეს იყო, რომ მისი სიცოცხლის განადგურების საფრთხე არსებობდა, რეალური შიში ჰქონდა ამის და აქედან გამომდინარე იმალებოდა.
რაც შეეხება იმას, სად იმყოფებოდა, არ მისაუბრია, რადგან მასთან პირველად შევედი, ახლა გავიცანი, შესაბამისად, დეტალებს არ ჩავღრმავებივარ, ზოგადად ვისაუბრეთ“, – განაცხადა ჯანაშიამ.
ბადრი ესებუა დღეს სამეგრელოში დააკავეს, დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები. ესებუა 2020 წლიდან იძებნებოდა.
შსს-ს ცნობით, მის მიმართ წარსადგენი მუხლები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.