გამოცემა „ბათუმელების“ ცნობით, „ბათუმელების“ ოპერატორმა გურამ მურვანიძემ, რომელიც 12 იანვარს დააკავეს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე, მასთან შესულ ადვოკატს უთხრა, რომ ის დააკავეს იმ დროს, როცა იღებდა კადრებს, თუ როგორ აკავებდა პოლიცია აქციის მონაწილეებს.
„გურამ მურვანიძემ ადვოკატს, მირზა მამულაძეს უთხრა, რომ აქციაზე, როგორც კი ჩოჩქოლი შენიშნა, გადასაღებად გაიქცა და იღებდა, როგორ აკავებდნენ აქციის მონაწილეებს. ამ დროს გაიგონა, როგორ იკითხა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ, „ვინ იღებს“. ადვოკატის თანახმად, გურამ მურვანიძემ პოლიციელს უთხრა, რომ „ბათუმელებიდან“ იყო, რასაც მოჰყვა გინება დგებუაძის მხრიდან და მისი უშუალო მოწოდება, წაერთმიათ ტელეფონი“, – წერს „ბათუმელები“.
„ტვ პირველთან“ კომენტარში ბათუმის პოლიციის უფროსმა თქვა, რომ არ იცის, ვინ არის „ბათუმელების“ ოპერატორი.
გურამ მურვანიძე ამბობს, რომ შეეცადნენ მისთვის ტელეფონი წაერთმიათ და წაართვეს კიდეც.
ადვოკატის ინფორმაციით, გურამ მურვანიძემ უამბო, რომ დაკავების შემდეგ, მანქანაში, მას ტელეფონის კოდს სთხოვდნენ და თან აგინებდნენ.
ოპერატორი ფოთის იზოლატორშია გადაყვანილი და მის წინააღმდეგ სამართალწარმოება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს.
რაც შეეხება „ბათუმელების“ დირექტორ მზია ამაღლობელს, მას ბრალდება არ წარდგენია.
მისი ადვოკატი, ჯუბა ქათამაძე აცხადებს, რომ საქმის მასალების გაცნობამდე პოზიციაზე ვერ ისაუბრებენ.
„ჯერ არ არის ბრალი წარდგენილი. საქმის მასალები სანამ არ გადმოგვეცემა, ვერანაირ პოზიციაზე ვერ ვისაუბრებთ. აღკვეთი ღონისძიების ნაწილში, თუ პატიმრობას მოითხოვენ, ჩვენ ამას არ დავეთანხმებით. [დაკავება], რა თქმა უნდა, პოლიტიკურია. ბრალის წარდგენასთან ერთად მტკიცებულებებიც უნდა გადმოგვეცეს“-განაცხადა ჯუბა ქათამაძემ.
მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლითაა დაკავებული.
დღეს, 19:00 საათზე, ბათუმის იზოლატორთან, მედიის წარმომადგენლები აქციას გამართავენ სახელწოდებით – „თავისუფლება მზია ამაღლობელს“.